Saturday, October 31, 2015

დილის ხვლიკი


ზაფხულის ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, სახლში, ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე ხვლიკი. კედელზე იჯდა და ღია ფანჯრიდან შემოსული მზის ზოლზე თბებოდა. მე ახალი გაღვიძებული ვიყავი და მაისურს ვიცვამდი. დავინახე და ეგრე გავშეშდი, მაისურში ცალხელგაყრილი, თმააჩეჩილი და თვალებდასიებული. ჭრელი იყო, გაფარჩხული, პაწაწინა თათებით. კუდი ოდნავ მოღუნული ქონდა, სინათლის მიმართულებით. სრულიად მშვიდად იჯდა, ვერტიკალურად გაშეშებული, თავით ჭერისკენ და თვალებიც დახუჭული ქონდა. მომეჩვენა რომ ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც ჩემი და ჩემი ძმის საძინებლად გამოყოფილი ოთახის სრულუფლებიანი წევრი.
- ამ ხვლიკმა რაღაცა იცის – ნამძინარევი თავით გავიფიქრე მე, ისე რომ არ გავნძრეულვარ.
ბევრი ხვლიკი მინახავს - საგამოცდო ბიბლიოთეკის სიცხით გადახრუკულ კიბეებზე, ლაგოდეხის ბანაკის სამზარეულოს კედლებზე, ბორჯომის ტყეების ნაპირებზე გამობობღებულები, სოფელში, ძროხის ბილიკების ახლომახლო, ძველ, ქვის ყორეებზე, ქალაქში, დაბაში, სადაც გინდა მოკლედ და რანაირიც გინდა, მაგრამ ეგეთი აზრი არცერთ ხვლიკს არ აღუძრავს ჩემში. სინამდვილეში, ისინი ყოველთვის საშუალო გონებრივი შესაძლებლობების არსებებად წარმომიდგებოდნენ ხოლმე.
სანამ მეც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო, მაინც რა იყო მისი საიდუმლო, სულაც არ დამუფლებია ის გრძნობა, რაც მგონია რომ ხვლიკის სახლში ნახვისას უნდა დაგეუფლოს ადამიანს. ანუ ცოტა ზიზღი, ცოტა ირაციონალური შიში, ცოტაც სიბრალული და ცოტა გაღიზიანება, რომ სამსახურში გაგვიანდება და რა დროს ხვლიკის დევნაა ახლა, არადა დევნა რომ მოგიწევს იცი, იმიტომ რომ ერთი დარტყმით მომკვლელი არა ხარ და მერე თუ გაგექცა, ბარე შესვენებამდე შეიძლება სდიო და ვერ დაიჭირო.
მაგრამ არაფერი ამგვარი არ მირძვნია. ეგ იყო რომ მეც მომინდა კედელზე ავბობღებულიყავი და ცოტა ხანი მზეზე მომეკალათა, გაფარჩხული თითებით ხვლიკის გვერდზე. მის ჭრელ, ლამაზ კანში, დახუჭულ თვალებში და მოსვენებულ პოზაში მხოლოდ სიმშვიდე იყო და კიდევ რაღაც უხილავი, ხვლიკური სიბრძნე და უცებ მომეჩვენა რომ ამ ხლვიკში იყო ჭეშმარიტება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სულელური აზრები გავფანტე და ჩემი ძმის ჩუსტები დავუშინე, შემდეგ მაისური ვესროლე (ასევე ჩემი ძმის), შემდეგ მამაჩემს დავუძახე, რომელმაც იატაკის ჯოხი და აქანდაზი მოიტანა, რაც, როგორც ცნობილია აუცილებელი ატრიბუტებია ხვლიკებთან ბრძოლისას, მერე დედაჩემმა გაიღვიძა, ჩემმა ძმამ თავისი მაისური მოითხოვა საკმაოდ უხეშად, მეზობლებმა ტელევიზორი ჩართეს, გარეთ მანქანამ დაამუხრუჭა, ვერტმფრენმა გადაიფრინა, ოფისებში კონდიციონერები აზუზუნდნენ, ვიღაცა (მთელი ქალაქი) საცობში გაიჭედა, ჩემი კედლიდან ყვითელი ზოლი გაქრა, ხვლიკი კიდევ კომპიუტერის მაგიდის უკან შეძვრა და იმის მერე აღარ გვინახავს.


Thursday, October 8, 2015

ინსტრუქცია თუ როგორ ვიტიროთ



ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ტირილის მიზეზები და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ვიტიროთ სწორად, რაც გულისხმობს ტირილს რომელიც არ გადაიზრდება ისტერიკასა და აურზაურში და არც ღიმილთან მსგავსებით შეურაცხყოფას მიაყენებს ამ უკანასკნელს. საშუალო, ყოველდღიური ტირილი შედგება სახის ნაკვთების დაჭიმვისა და სპაზმური ხმებისაგან - ცრემლებისა და წკვინტლების თანხლებით, ამასთან, ეს უკანასკნელი უფრო ბოლოსკენ, რამდენადაც ტირილი მთავრდება მაშინ, როდესაც მოტირალი ცხვირს საფუძვლიანად მოიხოცავს.
რათა იტიროთ, მიმართეთ ფიქრები საკუთარი თავისაკენ, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებთ იმის გამო, რომ გარე-სამყაროს არსეობობის გჯერათ, იფიქრეთ ჭიანჭველებით დაფარულ იხვზე, ან ყურეებზე მაგელანის სრუტეში, სადაც არასოდეს შედიან გემები.
როცა ცრემლები მოგადგებათ სახე რიგიანად დაიფარეთ ორივე ხელით, ხელისგულებით შიგნით. ბავშვებმა უნდა იტირონ ტანსაცმლის სახელოებში თავჩარგულებმა, უმჯობესია კუთხეში. ტირილის საშუალო ხანგრძლივობა - სამი წუთი.

ხულიო კორტასარი


ინსტრუქცია, თუ როგორ ვიმღეროთ

დასაწყისისათვის სახლში ჩაამტვრიეთ ყველა სარკე, უღონოდ ჩამოყარეთ ხელები, ცარიელი მზერით მიაშტერდით კედელს და გაირინდეთ. იმღერეთ ერთადერთი ნოტი, მოუსმინეთ მას შიგნიდან. თუ მოგესმებათ (თუმცა ეს მოგვიანებით უნდა მოხდეს) რაღაც მსგავსი ზაფრით მოცული ლანდშაფტისა, ქვებს შორის დანთებული კოცონებისა, მათთან ჩაკუზული, ნახევრადშიშველი ხალხის სილუეტებით - ვფიქრობ, სწორ გზას ადგახართ და ასევე თუ გაიგონებთ მდინარეს, მის ნაკადს ჩამოყოლებული შავ-ყვითელი ნავებით, თუ გაიგონებთ ახალგამომცხვარი პურის სურნელს, ცხენის ჩრდილს.

მოგვიანებით შეიძინეთ ფრაკი და ვოკალური მუსიკის სახელმძღვანელო, ნუ იმღერებთ ცხვირში და ასევე შეეშვით საწყალ შუმანს.

ხულიო კორტასარი

Thursday, October 1, 2015

პრინტერსტელარი

ჩვენი ინტერგალაქტიკური ექსპედიცია დასასრულს უახლოვდებოდა და დედა დედამიწისკენ უნდა გადმოგვეხვია, როდესაც ბენზინი თითქმის გამოგველია.
სხვა გზა არ იყო, რომელიმე ჩვენგანი უნდა გაფრენილიყო სამარქაფო ხომალდით იქვე ახლოს (შედარებით, რა თქმა უნდა) მდებარე პლანეტაზე და ბენზინის მარაგი შეევსო.
ჩვენი მრავალწლიანი მომზადების თუ გავითვალისწინებთ, ასეთი რამე არ უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ რას იზამ, ღია კოსმოსში ვერასოდეს ამოწურავ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.
ხომ გითხარით, ვუსაყვედურე თანამგზავრებს, უფრო საფუძვლიანად უნდა გაგვეზაპრავკებინა-მეთქი. მაგრამ რაღას ვიზამდით, გავითვალეთ სუპი-სოუზი-გადი-მოუსვი და ჩემი ბედი რა ვთქვი, მე მერგო წილად ეგ დავალება.
ამ პლანეტის შესახებ არაფერი ვიცოდით - გარდა იმისა რომ გაზაპრავკება შესაძლებელი იქნებოდა, ცხადია - ამიტომ საფუძვლიანად მოვემზადე ყველანაირი მოულოდნელობისათვის, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, სულ ტყუილად.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გავუდექი გზას. პლანეტასთან მიახლოებისთანავე შევამჩნიე, რაღაცა ვერ იყო რიგზე და რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო მეტად მაწვებოდა გულზე ავი წინათგრძნობა. საკმარისად ახლოს რომ მივედი იმისათვის რომ რამე გამერჩია, უკვე შევძელი დარწმუნებით მეთქვა - მთელი პლანეტის ზედაპირზე, ყოველ შემთხვევაში სადამდეც თვალი გამწვდებოდა, იაფფასიანი ლინოლეუმი იყო გადაკრული, გიფსოკარდონით ერთმანეთისაგან გამოყოფილ, ოთხკუთხედ კუნჭულებში ასობით, ათასობით, ათიათასობით და კიდევ მეტი ხალხი იჯდა მაგიდებთან, კომპიუტერებთან, სტეპლერებით, კალმებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და მოკლედ ყვენალაირი საოფისე ინვენტარით გარშემორტყმული და სამუშაოში ქონდა თავი ჩარგული.
პლანეტის მზეც კი ერთ უზარმაზარ ოფისის ნათურას გავდა და ფლუორესცენტულ, ცისფერ და ცივ ნათებას გამოსცემდა.
როდესაც დავეშვი, სასიამოვნოდ ჩაცმული ოფის-მენეჯერი გოგონა გამომეგება და სანამ გააზაპრავკებთ, იქნებთ პერერივზე დაგვეწვიოთ, ჩვენს ოფისში უფასო საჭმელი მოაქვთ და ინტერგალაქტიკურ გამზაპრავკებლებზეც გვაქვს გათვლილიო. ნამგზავრი და ნანერვიულები უკვე კარგად მოშიებული ვიყავი და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი, მითუმეტეს რომ ბაკის შევსებას ნახევარი საათი მაინც დასჭირდებოდა.
ჭამისას თავიდან სიჩუმე იყო, მაგრამ მერე ერთმა აღნიშნა:
- კოსმო-აჯაფსანდალს მარილი აკლია.
- არა რატომ, მე მომწონს - თქვა მეორემ.
- მაგრამ კოსმო-ქაბაბს არაუშავს.
- წინა პროვაიდერს უკეთესი საჭმელები ქონდა - განაცხადა მესამემ.
- ზოგადად კი, მაგრამ კოსმო-კარტოფილი ამათ უკეთესი აქვთ - თქვა პირველმა
- კოსმო-ტყემალი მომაწოდეთ თუ შეიძლება - მომმართმა ერთ-ერთმა.
ჩქარ-ჩქარა ვჭამდი და შიგადაშიგ ზრდილობიანად ვიღიმოდი.
პლანეტიდან გამოფრენისას საათს დავხედე - ჩემი გათვლებით იქ 45 წუთზე მეტი არ გავჩერებულვარ.
ჩვენს ხომალდი ისევ ისე ტივტივებდა უწონადობაში როგორც დავტოვე, მაგრამ როგორც კი ფეხი შიგ შევდგი და სკაფანდრი მოვიხადე, მაშინვე დამეტაკა ავისმომასწავებელი სიჩუმე. დიდხანს ვეძებდი ჩემს თანამგზავრებს ხომალდის უეცრად დაძველებულ კუთხეებში. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე ერთ-ერთი და ძლივს ვიცანი: დანაოჭებული ხელები, რომელიც რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდულ ძალას ასხივებდნენ, მისუსტებულ მუხლებზე დაეწყო, ჭაღარა თავი ჩაექინდრა და ბებრული ძილით ეძინა.


Thursday, September 17, 2015

იტიზივ ნათმიქე

იმ დღეს ექიმთან მივედი, ნაირ-ნაირი ჩივილები მქონდა და მეთქი შევივლი, ჩემი რა მიდის. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ექიმთან ვიზიტი ჩემს წინა გამოცდილებებსაც ესადაგებოდა და ზოგადად დამკვიდრებულ სტანდარტებშიც ჯდებოდა, ანუ თეთრი კედლები, თეთრი ხალათები, რამდენიმე წამლის ერთმანეთში შერეული სუნი რომელიც ნესტოებს ოდნავ გიწვავს და კიდევ სიკვდილის სუნიც, მსუბუქად რომ წამოგივლის ხოლმე თითქმის მორჩენილი ჭვალივით.
ერთადერთი უცნაურობა შემემთხვა საავადმყოფოში შესვლამდე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე მაგას. უკვე ცალი ფეხით შესული ვიყავი საავადმყოფოს უზარმაზარ ჭიშკარში რომ ვიღაცა ტიპმა გამაჩერა, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო და ერთი ღერი ხომ არ გინდაო მკითხა. მეც, თითქოს ასეთი რამე ყოველდღე ხდებოდეს, ისე მქონდა დაკავებული თავი ჩივილებით და უსიამოვნო ვიზიტის მოლოდინით რომ, არა-მეთქი, გაფანტულად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.
მაგრამ ამის მერე ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ექიმთან შევიდოდი. მოსაცდელში კაი ნახევარი საათით მეტი მალოდინეს, ვიდრე ველოდი და რა თქმა უნდა ვერანაირ ეჭვს ვერ ავიღებდი რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე.
როცა შევაღწიე, როცა იყო და რანაირადაც, ექიმიც კაი ტიპი მომეჩვენა, ერთი ეგ იყო ხალათი არ ეცვა თორემ ისე, ქუჩაშიც რომ გენახათ, სხვა პროფესიას ვერ მიუსადაგებდით. ცოტა ავადმყოფური სახე კი ქონდა, მაგრამ ეგ არაფერი-მეთქი ვიფიქრე, ექიმიც ხომ ადამიანია.
ეგ კი არა, მას შემდეგ რაც სკამი მოვძებნე და დავჯექი, თავისი გვარი რომ გამომიცხადა და ისიც მიაყოლა, კუჭი და ნაღველი ერთდროულად მაწუხებს, იქნებ რამე მიშველოო და მომაჩერდა, თითქოს ელოდა კუჭ-ნაწლავის ექოსკოპიაზე როდის გავუშვებდი, მაშინაც არ შევმცბარვარ მაინცდამაინც, ექიმებამდე უკვე შემცბარი მივდივარ და მაგის მერე ჩემი კიდევ უფრო შეცბუნება ცოტა ძნელია ხოლმე, ამიტომ იქით დავამშვიდე, არაუშავს კაცო, ეგ არაფერი ექიმო, ბოლოს და ბოლოს, ნახევარ საქართველოს ეგ პრობლემები აწუხებს და მეც ხომ მაგიტომ ვარ მოსული, ერთად ვიმკურნალოთ-მეთქი.
ვილაპარაკეთ ასე კაი ხანი, მე ჩემი ვთქვი, იმან თავისი მითხრა და აღარ მიმიქცევია ყურადღება, ხან ელენთაზე მოიკიდებდა ხელს და ხან კიდევ სად, მაგრამ ბოლოს საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ფურცლებზე დიაგნოზების და დანიშნულებების ჯღაბვნის დრო მოვიდა და ამან რომ მითხრა, მოწევა უნდა დაიწყოო, ე მაშინ გადამიქანდა გული.
როგორ-თუ, მოწევა უნდა დავიწყო-მეთქი, შევაპარე.
აი ეგრეო.
შანსი არ არის, მოწევას ვერ დავიწყებ-მეთქი, გავჯიუტდი ცოტა.
ისე კარგად დაიწყებ, მზე მაღლა იქნებაო, თავის აუწევლად მითხრა. ეგ კი არა, სმასაც უნდა მოუმატო, თორემ მასე არ გამოგადგებაო.
უკაცრავად, მე გავალ და ახლავე მოვალ მეთქი, სულ უკან-უკან სვლით გამოვედი და მერე, თავი რომ ჯანმრთელი ხალხით სავსე დერეფანში დავიგულე, ისე მოვკურცხლე, მაგ ჯანიანი ნაბიჭვრებიდან ვერცერთი ვერ დამეწეოდა.
გარეთ გამოვვარდი და ტაქსი გავაჩერე, ე ბიჭო, დიდ-დიღომში შვიდ ლარად გამიყვან-მეთქი, ვეკითხები და ექვსს ვერ გადაიხდიო? - დამეღრიჯა.


Tuesday, September 15, 2015

ამრიკული ამბავი


გახურებულ ჰორიზონტზე როგორც იქნა მანქანა გამოჩნდა . ძველი ამერიკული კადილაკი ფახფახით გაჩერდა პირდაპირ მგზავრის ფეხებთან. კაცმა გაშვერილი ცერა თითი ჩამოსწია, თავისი ჭუჭყიანი და დაფლეთილი ჩანთა უკანა კარებში შეაგდო და თვითონ მძღოლის გვერდზე დაჯდა.

ჩუმად მიდიოდნენ.
მალე უკაცრიელ ტრასაზე დამტვერილი გადასახვევი გამოჩნდა
მანქანამ გადაუხვია და სულ მალე ნახევრად დანგრეულ, მიტოვებულ ფერმასთან გაჩერდა.

ცოტა ხანი ისხდნენ ასე, სახურავს მზე აჭერდა და გაღებული ფანჯრებიდან ჭრიჭინების ხმა შემოდიოდა.
ბოლოს მძღოლმა ათრთოლებული, ჩახლეჩილი ხმით თქვა.
- წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, თქვენ ჩემი მსხვერპლი ხართ.
მგზავრს თითქოს არც გაუგონია, რამდენიმე წამი ნერვიულად ეძებდა რაღაცას ჩანთაში, შემდეგ კი ათრთოლებული, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა:
- წინააღმდეგობას მართლა არ აქვს აზრი, თქვენ ხართ ჩემი მსხვერპლი.
მძღოლს თითქოს არც გაუგია, ჩახლეჩილი, ათრთოლებული ხმით განაგრძო.
- ამ ფერმაში ხშირად მომყავს შემთხვევითი მგზავრები, მათ კივილს აქ ვერავინ გაიგონებს. როდესაც სუნთქვას წყვეტენ ბენზოხერხით ვანაწევრებ და ფერმის უკან, ჭვავის ყანაში ვმარხავ. მათ გვამებს ვერავინ მიაგნებს და მეც ვერასოდეს დამიჭერენ.
- ამ გზაზე ხშირად ვუჯდები ხოლმე ქალაქისკენ მიმავალ მანქანებს და როდესაც ხელსაყრელი შემთხვევა მომეცემა ქლოროფორმით ვთიშავ, შემდეგ კაუჭზე ვკიდებ თავქვე და... მოკლედ როგორც არის. სუნთქვას რომ შეწყვეტენ მჟავაში ვდებ და მიღებულ სითხეს კასრებში ვანაწილებ, კასრებს კი მიწაში ვაბეტონებ. მეც ვერასოდეს დამიჭერენ.
- კარგით, ამდენი დრო არ მაქვს, მანქანიდან გადმოდით.
- თქვენ თვითონ გადმოდით, ნამდვილად არც მე ვარ მოცლილი.
- სწრაფად, ეს უკვე უაზრო საუბარია, უნდა გაგთიშოთ და დაგანაწევროთ.
- კმარა ბოლოს და ბოლოს ამდენი ლაყბობა, მჟავა უნდა დაგასხათ და ჩაგაბეტონოთ.
- ბოლოს და ბოლოს ვინ გგონივართ, არც ერთ მსხვერპლთან არ მქონია მსგავსი მიეთ-მოეთი, მე პროფესიონალი მანიაკი ვარ, დროს ნუ მაკარგვინებთ.
- არაფერი გეტყობათ. აი მე კი, ჩემდათავად ნამდვილად პროფესიონალი ვარ, გადმოდით მანქანიდამ.
- ნურას უკაცრავად - მოუთმენლობა დაეტყო მძღოლ მანიაკს.
- თქვენ თვითონ ნურას უკაცრავად - აღშფოთდა მგზავრი მანიაკი.
- არაფერი პირადული, მაგრამ როგორც კოლეგამ კოლეგას მინდა გითხრათ რომ ჩემის აზრით, სრულიად შეუფერებელი ხართ პროფესიული მანიაკალური კარიერისთვის.
- ჩემის მხრივ, სრული პასუხისმგებლობით და მანიაკალურ საქმიანობაში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მინდა განვაცხადო რომ ჩემის აზრით პროფესიას არცხვენთ.
- შეურაცხყოფას მაყენებთ? დილეტანტისგან შეურაცხყოფასაც მოვითმენ.
- თქვენ თვითონ მაყენებთ შეურაცხყოფას და დილეტანტს მიწოდებთ მაშინ როდესაც თქვენი მეთოდები სრულიად მოძველებული და მოდიდან გადასულია.
- რას კადრულობთ ახალგაზრდა? უფროსების პატივისცემა არ გასწავლეს?
- კეისრის კეისრისაო ხომ გაგიგიათ? უფროსი კაცი ხართ მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
- კარგი ერთი არ გამაგიჟო, ამ ძუძუმწოვარას შეხედეთ რა, ჭკუის სწავლებასაც ბედავს.
- ჭაღარას ვცემ პატივს თორემ გაჩვენებდი ვინ არის...
- გადაეთრიე ჩემი მანქანიდან შე თვითმარქვია...
- გადავალ გადავალ, მეშინია უფროსზე ხელი არ გავისვარო, ესეც მანქანაა რა, ამ დაფეხვილი ჯართით სიარულს, ისევ ფეხით ვილაყლაყო მირჩევნია!
- წადი შენი!
- თფუ!


Friday, August 21, 2015

ჯონჯოლი და ნაცნობი ქალბატონი



იმ დღეს ნაცნობი ქალბატონის გვერდით დამსვეს თითქმის უცნობ სუფრაზე. ვიფიქრე ცოტა ხანი ვიქნები ჩუმად, ჩემთვის, ეგერ, ჯონჯოლი რომ დევს იმით თავს შევიქცევ ცოტ-ცოტას და მერე გავიძურწები-მეთქი. ხოდა გადმოვიღე ეს ჯონჯოლი, მჭადიც მოვუდე გვერდით და ვარ ასე, თითქმის კომფორტულად. როცა მეგონა რომ საბოლოოდ დავაღწიე თავი უცნობი ხალხის ყურადღებას და ერთი ათი წუთიც თუ მოვიცდი, ჩემს წასვლას ვერავინ შეამჩნევს, მეუბნება ეს ნაცნობი ქალბატონი დამტკბარი ღიმილით:
- თამუნასაც ძალიან უყვარს ჯონჯოლი.
ე თავი დავუქნიე და გავუღიმე.
- ძალიან უყვარს, ასეთ სუფრებზე სულ ჯონჯოლს ჭამს ხოლმე - და თან ნიგვზიანი ბადრიჯნის უზარმაზარი ნაჭერი დაითრია.
- მმჰმმმ.
- სხვათაშორის ჯონჯოლი ძალიან სასარგებლოა.
- მმმ.
- ჯონჯოლი ბალახია, ხომ იცი? - თან ბადრიჯანს ჭრიდა გულმოდგინედ.
- დიახ.
- თამუნას კი უყვარს მაგრამ სულ ჯონჯოლის ჭამაც არ არის კარგი. ცოტა-ცოტა კარგია, მაგრამ ბევრი არ არის კარგი.
ამ დროს მჭადი გადამცდა და საკმაოდ უზრდელურად ამოვიხროტინე, მაგრამ ქალს არანაირი ყურადღება არ მიუქცევია ამ უტაქტობისთვის, გაგებით მომეკიდა. თუმცა როგორც კი შემატყო რომ მოვსულიერდი, განაგრძო.
- თამუნა ძალიან უჭმელია. არა, ხანდახან ბევრს ჭამს ხოლმე, მაგრამ დღეში მხოლოდ ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ, ნუ, არის შემთხვევები რომ ოთხჯერაც, ოღონდ ეგ იშვიათად, ძირითადად მაინც დღეში სამჯერ. ეგ ცუდია, ჯობია ჯანმრთელად იკვებო, ვიდრე არაჯანმრთელად. მაგალითად თენგიზი...
ამ დროს ვიგრძენი რომ ჩემში რაღაც გატყდა, რაღაც მნიშვნელოვანი, არსებითი მოკვდა.
- მაგალითად თენგიზი ძალიან ჯანმრთელი მჭამელია. სულ ჯანმრთელად იკვებება. ჯანმრთელად კვება ჯობია. აბა რა! დღეში სამჯერ უნდა ჭამო, საშუალოდ, ან დღეში ოთხჯერ, ცოტ-ცოტა, ეგ ყველაფერი კი ვიცი, მაგრამ ხანდახან მაინც ისე ხდება...
აშკარად ვიგრძენი რომ წნევამ ამიწია. ყველაფერი აჯანყდა ჩემში. სისხლძარღვის კედლის გამავლობა გამიძლიერდა კვებითი ფუნქციის მოშლის ნიადაგზე სისხლძარღვის სანათურის გაფართოების გამო და მემგონი ჯონჯოლიც ვერ შევირგე. მოკლედ შინაგანი სისხლდენა დამეწყო.
სასწრაფოს გამოუძახეთ მეთქი, მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ვერ შევძელი და ძალაგამოცლილი დავეცი რესტორნის იატაკაზე. გონების დაკარგვამდე ჩამესმოდა ქალის ხმა:
- მზე ცხელია, ნაყინი ცივია, ბალახი მწვანეა, ოღონდ გაზაფხულზე, თამუნას ემენდემსი უყვარს, ოღონდ ყვითელი, თენგიზი მაღალია, მიშა მაგარია, ყბაჩამ დაიგვიანა...


Thursday, July 30, 2015

ქლიავის ამბავი


მაღაზიაში ვიყიდე ქლიავი. ვიფიქრე ავალ სახლში და ერთი კარგად გამოვქლიავდები მეთქი. თან იმდენი ვიყიდე რომ გამოქლიავებისთვის სავსებით საკმარისი ყოფილიყო. ავიტანე კაცო ბინაში და წყალი არ არის. როგორ გამოვქლიავდე ახლა მე? ჭუჭყიანი ქლიავით გამოქლიავება, შეიძლება მეტი მომივიდეს. ამიტომ დავჯექი და ველოდები. როგორც იქნა მოვიდა წყალი და გავიხარე! ჩავყარე ქლიავი სუფთა თასში, მოვუშვი სუფთა წყალი, დავათხლიშე ამ ქლიავს და კარგა ხანი ვიყურებოდი სუფთა ქლიავით და სუფთა წლით სავსე თასში. გადავუწურე მერე წყალი, ამოვარჩიე ყველაზე სანდომიანი ქლიავი და გავხლიჩე. გავხლიჩე და რას ვხედავ? გული მთლიანად შავი აქვს, კურკაც კი არ ჩანს იმდენად შავი, ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. რომ არ იცოდე რომ ქლიავის გულია, ალბათ ვერც მიხვდები. გადავაგდე დანანებით. ამოვიღე მეორე, გავხლიჩე და ისიც შავია. ამოვიღე მესამე და შავი ხოა, თან უზარმაზარი მატლი მიყურებს აშკარა აღშფოთებით. ამოვიღე მეოთხე, იმას როგორც იქნა არაფერი არ ჭირდა, გავსინჯე და ისეთი უგემური იყო, უგემური ქლიავის კონკურსზე მეორე ადგილას გავიდოდა. ჩავყარე დანარჩენი სუფთა ქლიავი ისევ პარკში და წავიღე მაღაზიაში.
- აი თქვენ თვითონ ნახეთ – ვუთხარი გამყიდველს, თან ერთ-ერთი ქლიავი ამოვარჩიე და მის თვალწინ გადავხსენი.
- მატლია – განაცხადა მან.
- ნამდვილად – დავეთანხმე მე. მაგრამ მალე მივხვდი რომ ამ უპირობო თანხმობას არანაირი დიპლომატიური ნაბიჯი არ მოყვებოდა გამყიდველის მხრიდან.
- გამოქლიავება მინდოდა და ვერ გამოვქლიავდი – ვუთხარი მე – ფული დამიბრუნეთ თუ შეიძლება.
- მე არ მითქვამს რომ მატლი არ ექნებოდა – მითხრა მან სრულიად გულგრილად.
- კარგი, მაგრამ არც ის გითქვამთ რომ ექნებოდა.
- ნამდვილად – დამეთანხმა ისიც.

მერე ცოტა ხანი ასე ვუყურებდით ერთმანეთს, მე გაფუჭებული ქლიავით ხელში და ის გამოქლიავებული სიფათით, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღი ქლიავი თვითონ შეჭამა!
- კარგი – თქვა მან ბოლოს – თუ ქლიავი არ მოგწონთ, ვაშლატამაც გვაქვს.
ავიტანე სახლში ვაშლატამა, რომელიც იმედი მქონდა რომ ცოტ-ცოტა ვაშლიც იქნებოდა და ატამიც, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც-ერთი არ ყოფილა. დავაწყვე ფანჯრის რაფაზე და ვეუბნები: კარგად გიცნობთ, არც ვაშლი ხართ და არც ატამი. ნეტა ვაშლი მაინც იყოთ, ან ატამი, მაგრამ არცერთი არ ხართ. ამიტომ მოგისვრით ახლა ამ ფანჯრიდან.
მაგრამ მერე გადავიფიქრე და წავიღე ისევ მაღაზიაში.
- აბსოლუტურად უგემური ვაშლატამაა – ვუთხარი გამყიდველს – თუ შეიძლება გამომიცვალეთ.

გამყიდველთან მცირე კამათის შემდეგ, შევიძინე ვაშლი და ატამი ცალ-ცალკე და წამოვიღე სახლში. მაგრამ აღმოჩნდა რომ...
და ა.შ. და ა.შ.


Monday, July 20, 2015

თარგმანი: დანილ ხარმსი - უსათაურო II
















საკვირველი რამე გადამხდა: უცებ დამავიწყდა, ჯერ რომელი მოდის - 7 თუ 8.
გავეშურე მეზობლებთან და ვკითხე თუ რას ფიქრობდნენ ამასთან დაკავშირებით.
წარმოიდგინეთ ჩემი და მათი გაკვირვება, როდესაც აღმოვაჩინეთ რომ ისინიც ვერ იხსენებენ თვლის მიმდევრობას. 1, 2, 3, 4, 5 და 6 ახსოვთ, შემდეგ კი დაავიწყდათ.
ჩვენ ყველანი წავედით კომერციულ მაღაზია "გასტრონომში", ზნამენსკისა და ბასეინის ქუჩების კუთხეში რომ არის და ვკითხეთ მოლარეს ჩვენი გაუგებრობის შესახებ. მოლარემ სევდიანად გაიღიმა, პირიდან პატარა ჩაქუჩი გამოიღო და ოდნავ შეჭმუხნული ცხვირით გვითხრა:
- ჩემის აზრით, შვიდი მოდის რვის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ რვა მოდის შვიდის შემდეგ.
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მოლარეს და გახარებულები გამოვცვივდით მაღაზიიდან. მაგრამ აქ მოლარის სიტყვებს ჩავუფიქრდით და ისევ დავნაღლიანდით, რადგან ისინი ყოველგვარ აზრს მოკლებულად მოგვეჩვენა.
რა უნდა გვექნა? წავედით პარკში და დავიწყეთ ხეების დათვლა. მაგრამ ექვსამდე რომ მივედით, გავჩერდით და დავიწყეთ კამათი: ერთნი ფიქრობდნენ რომ შემდეგ მოდის 7, სხვების აზრით კი 8.
ალბათ ძალიან დიდხანს ვიკამათებდით, მაგრამ საბედნიეროდ, იქვე სკამიდან გადმოვარდა ვიღაცა ბავშვი და ორივე ყბა მოიტეხა. ამან ყურადღება გადაგვატანინა ჩვენი კამათიდან.
შემდეგ კი სახლებში დავიშალეთ.

დანილ ხარმსი


Wednesday, July 15, 2015

გრანდიოზული ვაშლის ამბავი


















მოდი დავჯდები და ამ უზარმაზარ, გრანდიოზულ, საარაკო ზომის ვაშლს შევჭამ – გაიფიქრა კაცმა – დაჯდომა აუცილებლად დამჭირდება რადგან ამხელა ვაშლის ჭამა, ფეხზე მდგარს ნამდვილად არ შემიძლია.
მერე ამოარჩია სკამი პარკში, ამოიღო ჩანთიდან ეს უზარმაზარი, გრანდიოზული, მართლაც საარაკო ზომის მწვანე ვაშლი და საქმეს შეუდგა.
ისე მოხდა რომ ადგილი, სადაც დაჯდა, საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა. განზრახ არ აურჩევია ასეთი ადგილი, უბრალოდ დაჯდომა ჭირდებოდა რადგან რაც მართალია, მართალია – ამხელა ვაშლის ჭამა და თან ფეხზე დგომა ჭეშმარიტად შეუძლებელია – და პირველივე ცარიელ სკამზე დაჯდა.
პირველ ნაკბეჩზე, თუ შეიძლება საერთოდ მაგას ნაკბეჩი ეწოდოს, ვაშლს ფაქტობრივად არაფერი შეტყობია და გამვლელები, რომლებიც აქა-იქ უკვე გაჩერდნენ და ინტერესით შეაჩერდნენ სანახაობას, თავისი თვალით რომ არ ენახათ და სხვაგან რომ წაწყდომოდნენ ვაშლს, მაგალითად ვაშლების გამყიდველის დახლზე, ვერც მიხვდებოდნენ რომ ის ვიღაცამ მოკბიჩა.
თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი იკრიბებოდა ირგვლივ და გამალებით აკვირდებოდნენ როგორ ებრძოდა ვაშლს კაცი, როგორ იმალებოდა მოკბეჩის დროს მისი სახე უზარმაზარი, გრანდიოზული, მართლაც საარაკო ზომის მწვანე ვაშლის ჯერ კიდევ მთელი ნახევრის უკან. გულის ფანცქალით უსმენდნენ ხრაშა-ხრუშს, თქლაფა-თქლუფს და საომარ ხვნეშას, ხედავდნენ როგორ ეყრებოდა დაუთოებული შარვლის კალთაში გრანდიოზული ვაშლის ნასხლეტები, როგორ მოწურწურებდა წვენი მაჯაზე და აკეცილი საროჩკის სახელოში ჩასდიოდა. მალე სკამის ირგვლივ ტევა აღარ იყო. ხალხი აღტაცებამ და ერთგვარმა რელიგიურმა აღტყინებამ მოიცვა. ისინი ერთმანეთს აწყდებოდნენ, ფეხებზე აბიჯებდნენ, გაოფლილ ზურგებზე აბობღდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ, თითქოს თითოეულ მათგანს მოჭრა კბილი უზარმაზარმა, გრანდიოზულმა, მართლაც რომ საარაკო ზომის მწვანე ვაშლმა.
ბოლოს კაცმა ჭამა დაამთავრა და თავის საქმეზე გაეშურა, რადგან ცოტა არ იყოს აგვიანდებოდა. ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა, ერთი-ორმა კი დაიყვირა «ბის-ბის»-ო, მაგრამ მაინცდამაინც არ ჩაციებიან, ბოლოს და ბოლოს, მაგაზე საინტერესო სანახაობებიც არსებობს.


Tuesday, July 14, 2015

საშიში ქუჩები II

ერთხელ ქუჩაში ვიდექი და ნება-ნება ვეწეოდი.
მომიახლოვდა კარგად ჩაცმული მამაკაცი და სიგარეტი მთხოვა. 
მე გავუწოდე თითქმის ცარიელი კოლოფი და ორი ღერი ამოიღო.
მერე ასანთი მთხოვა. მოვუკიდე. 
იმანაც დაიწყო ნება-ნება მოწევა, იქვე.
ასე ვეწეოდით ერთად, გვერდი-გვერდ და ბინძურ მარშუტკებს ვუყურებდით.
მერე ვიგრძენი როგორ გაუშეშდა სიგარეტი ხელში, უცებ მომიბრუნდა, რამდენიმე წამი დამაშტერდა და მკითხა - მოყინულზე გაათრევ?


შავკანიანი მამაკაცი ტუალეტში

დღეს ვნახე დაბალბიუჯეტიანი, მოკლემეტრაჟიანი სიზმარი, სახელწოდებით "შავკანიანი მამაკაცი საპირფარეშოში". მე არ დამირქმევია, ძილში ვიგრძენი რომ ასე ერქვა სიზმარს, არ ვიცი ეს როგორ ხდება ზუსტად.
სიზმრის სიუჟეტი შემდეგია: შავკანიანი მამაკაცი შედის საპირფარეშოში (შავთეთრი სიზმარია) და დგება პირსაბანთან, ამ დროს გამხმოვანებელი, აი ის კაცი, ჩვენს ბავშვობაში რომ ახმოვანებდა რუსულად ყველა ფილმის ყველა პერსონაჟს, იძახის: "нигер в туалете, нигер в туалете". შემდეგ გავაცნობიერე რომ შავკანიანი პერსონაჟი სინამდვილეში თეთრკანიანია. დასასრული.


შოკოლადიანი ფუნთუშა

გუშინ დიდუბის მეტროსთან ძალიან მომშივდა და შოკოლადიანი ფუთუშა ვიყიდე, ტუფლის მაზებს, ელემენტებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის ამოვარჩიე და ვიყიდე.
ჩავკბიჩე და წავედი. ცოტა გავიარე და ნაგვის ურნებთან, თევზის და ნაგვის სუნში წვერებიანი კაცი იდგა და უწვერებო კაცს ეუბნებოდა - მაგი ბიჭო, მაგი ბიჭო, მააგი ბიჭოო, მაგი ბიჭო...
გზა განვაგრძე და ცოტა მოშორებით შავკურტკიანი ინდივიდი ჩახლეჩილი ხმით ტელეფონზე ეუბნებოდა ვიღაცას: შენ რა გეტყობა, შენ რა გეტყობა, რა გეტყობა შენ...
ბოლოს, ამას რომ გავცდი, გვირაბის ყელთან, პატარა ბიჭი სიგარეტის გამყიდველი ბაბოსგან ცდილობდა რაღაცის ყიდვას: ერთი ისა, ერთი ისაა, ერთი ისა, ერთი ის...
მე გავჩერდი, შოკოლადიან ფუნთუშას დავხედე და ნაგავში გადავაგდე, ნაგავში გადავაგდე, ნაგავში გადავაგდე...


ბუ

ამ ბოლო დროს მესიზმრება ბუ, რომელიც კარგად ერკვევა პოსტ-კოლონიალურ ინგლისურ ლიტერატურაში და სიგარეტს ეწევა. მე და ბუ ჩაის ვსვამთ ხოლმე და სასიამოვნოდ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ არა პოსტ-კოლონიალურ ინგლისურ ლიტერატურაზე, რადგან მე ამ საკითხზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს.
მე ვეუბნები:
- გია როგორაა? (აზრზე არ ვარ გია ვინ არის. რამდენიმე გიას ვიცნობ, მაგრამ არა მგონია მაგათ ვგულისხმობდე).
მოგვიანებით ბუ ზრდილოიანად მემშვიდობება, თავისი ბუ-ური საქმეების მოსაგვარებლად მიდის. მე კიდე ვრჩები მარტო და ვცდილობ გავიხსენო, არის თუ არა ეს ის ბუ, რომელიც ბავშვობაშიც მესიზმრებოდა და სახეზე მკბენდა.


შემთხვევა პაპიროზის ჯიხურთან

შოკოლადის ყიდვა მინდოდა და გზის პირას, სოფლის ტუალეტის ხელა ჯიხურთან მივედი.
ვიღაცა ახალგაზრდა კაცი სიგარეტს ყიდულობდა და იმის უკან დავდექი.
- ერთი პალ-მალი, ორი კენტი და ორი პრესტიჟი - ეუბნება.
პატარა, დამჭკნარ გამყიდველ ქალს პრესტიჟი არ აღმოაჩნდა.
ეს მოტრიალდა და ვიღაცას უყვირის ჩემს ზურგს უკან.
- ბიჭოოო, პრესტიჟი არ აქვთ!
გზის პირას დამდგარი მანქანიდან ვიღაცამ რაღაცა დაუყვირა, მაგრამ პასუხი მანქანების შხრიალმა და ქარმა დაფარა.
- ბიჭოოო, პრესტიჟი არ აქვთ! - ყვირის ისევ.
პასუხმა ისევ ვერ მოაღწია.
- პრესტიჟი! აბა რა ვქნა? ა? ააა..
როგორც იქნა გაიგო, მიტრიალდა, რატომღაც ფანჯარაში თავი შეყო და მთელი ძალით დაიღრიალა
- ...და ორი ვინსტონი!


არ წააგებ

ჩამუხლული და მეტროს კედელზე მიყრდნობილი ვკითხულობდი როდესაც თვალის კუთხით შევამჩნიე რწევა-რწევით როგორ მომიახლოვდა შავი ფიგურა და ჩემთან გაჩერდა, პირით ჩემსკენ. რაღა უნდა მექნა, შავ ფეხსაცმელებს, შავ თასმებს, შავ შარვალს, შავ პერანგს თვალი ავაყოლე და შავგვრემანი სახე დამხვდა ჰაერში გამოკიდებული, შუბლზე შავი სათვალით.
ასე ვუყურებდით ცოტა ხანს ერთმანეთს, მე უხერხულად ჩაკუზული და მომლოდინე, ის კიდე მეტროს თაღში გამოკიდებული შავი მოქანავე გოგრა, არეული თვალებით.
ბოლოს გოგრამ უკანასკნელი ძალისხმევა მოიკრიბა რათა ქანაობა შეეწყვიტა და მითხრა:
- არ წააგებ.
მე არ გავნძრეულვარ.
ეტყობა გოგრამ ჩათვალა, რომ განცხადებას სიცხადე აკლდა და გამიმეორა:
- არ წააგებ.
შემდეგ არ ვიცი თავისი ვალი მოხდილად ჩათვალა თუ უბრალოდ გადაქანების ინერციას გაყვა, პასუხს ღარ დაელოდა და წავიდა.
მეტროდან რომ ამოვედი, კინაღამ ვიღაცეებს დავურეკე, წამო უნდა დაგამყნოთ-მეთქი.
ერთი ტიპი სულ უნდა იყოს მეტროში ეგრე მოქანავე, მოვა და ორჯერ გაგიმეორებს – არ წააგებ – მცირე პაუზის შემდეგ, ისევ - არ წააგებ და მორჩა, მთელი დღე თავდაჯერებული ხარ და ბლატაობ.


დეზორიენტირებული კაცი















იყო ერთი კაცი რომელსაც უცნაური დაავადების გამო აღარ შეეძლო გაერჩია მარჯვენა და მარცხენა. ხანდახან ორივე მარცხენა ეგონა, ხან კი ორივე მარჯვენა. ან მარჯვენა მარცხენა, და მარცხენა - მარჯვენა.იყო შემთხვევები, რომ სწორად ეგონა, მაგრამ თავისი დაავადების გამო არ იყო დარწმუნებული, სწორად ეგონა თუ არა. ამის გამო ყველაფრის რწმენა დაკარგა. ასე ამბობდა ხოლმე "საით მივექანებითო". ბოლო წლებში, კარგ ამინდში ხშირად იჯდა პარკში, ფუნთუშის ნამცეცებს უყრიდა მტრედებს და სევდიანად უყურებდა ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად ორიენტირებდნენ.

შემთხვევა ავტობუსში

იყო ერთი კაცი რომელსაც ბანკში ეჩქარებოდა ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, სესხი უნდა აეღო, თუ შეეტანა, თუ მოლარე ოპერატორი უნდა დაეპატიჟა ვახშამზე, თუ რაღაც ამდაგვარი. ავტობუსიდან რომ უნდა ჩამოსულიყო, მსუქან, გაუპარსავ კაცს, რომელიც გზას უღობავდა, კითხა: "ჩადიხართ"?
"არა" - უპასუხა მან. 
კაცმა, რომელსაც ეჩქარებოდა, გააცნობიერა, რომ მსუქან კაცს ვეღარასოდეს ნახავდა ცხოვრებაში, ამიტომ ავტობუსს კიდევ ერთი გაჩერება გაყვა.

თარგმანი: დანილ ხარმსი, უსათაურო

მისთვის, ვინც პუშკინზე არაფერი იცის, ძნელია წეროს პუშკინზე. პუშკინი დიდი პოეტია. ნაპოლეონი ნაკლებად დიდია, ვიდრე პუშკინი. და ბისმარკი პუშკინთან შედარებით არაფერია. და ალექსანდრე I და II და III პუშკინთან შედარებით უბრალოდ წკიპურტები არიან. და საერთოდ ყველა, პუშკინთან შედარებით წკიპურტია, ოღონდ გოგოლთან შედარებით პუშკინი თვითონაა წკიპურტი.
ამიტომაც, იმის ნაცვლად რომ პუშკინზე დავწერო, მოდი დავწერ გოგოლზე.
თუმცა გოგოლი იმდენად დიდია, რომ მის შესახებ არაფრის დაწერა არ შეიძლება, ამიტომ ისევ პუშკინზე დავწერ.
მაგრამ გოგოლის შემდეგ პუშკინზე წერა, ცოტა არ იყოს უხერხულია. ხოლო გოგოლზე წერა არ შეიძლება. ამიტომ ჯობია საერთოდ არ დავწერ.
დანილ ხარმსი


საშიში ქუჩები

ერთხელ ქუჩაში მივსეირნობდი, რადგან კარგი ამინდი იყო და არანაირი მიზეზი არ მქონდა, არ მესეირნა. რაღაც მომენტში გავაცნობიერე რომ უკვე რამდენიმე წუთია ვიღაცა მომდევდა თანაბარი დისტანციით. ნაბიჯს ავუჩქარე - იმანაც აუჩქარა. შევანელე, იმანაც შეანელა. ახლა უკვე შევშფოთდი. გონებაში გადავსინჯე ყველა მიზეზი, რისთვისაც შეიძლება ვინმე გამომყოლოდა და ვერაფერი ვიპოვე. ამიტომ კიდევ უფრო ავღელდი. საბოლოოდ დასარწმუნებლად მთავარი ქუჩიდან გადავუხვიე და სწრაფად წავედი. ნაბიჯების ხმა მიწყდა, პატარა ქუჩაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. შვებით ამოვისუნთქე და საკუთარ თავზე გამეცინა. სულის მოსათქმელად გავჩერდი, უკან მოვიხედე და კინაღამ გული გამისკდა. ჩემს უკან ტყავის ქურთუკიანი კაცი იდგა, სქელი, შავი წარბებით და რამდენიმე დღის გაუპარსავი, ჯაგარივით წვერით.
- რომელი საათია? - მკითხა მან ჩახლეჩილი ხმით.
გამახსენდა რომ ტელეფონი დამჯდარი მქონდა, საათს კი მაშინ არ ვატარებდი.
- არ ვიცი. - ვუთხარი მე და თან ინსტინქტურად ნაბიჯი უკან გადავდგი.
კაცმა რამდენიმე წამით თვალი გამისწორა, წარბები აწია და მოგუდული ხმით მითხრა.
- სამს აკლია თხუთმეტი.
და ჩქარი ნაბიჯით გამცილდა.


თარგმანი: დანილ ხარმსი - წითური კაცი

















იყო ერთი წითური კაცი, რომელსაც არ ქონდა თვალები და ყურები. მას თმებიც არ ქონდა, ამიტომ წითურს პირობითად ეძახდნენ .
მას არ შეეძლო ლაპარაკი, რამდენადაც მას არ ქონდა პირი. და არც ცხვირი არ ქონდა.
მას ფეხები და ხელებიც კი არ ქონდა. და არც მუცელი არ ქონდა, არც ზურგი არ ქონდა, ხერხემალიც არ ქონდა და არანაირი შიგნეულობა არ ქონდა. არაფერი არ ქონდა! ასე რომ გაუგებარია, ვისზეა საუბარი.
უკეთესი იქნება თუ მასზე აღარ ვილაპარაკებთ.
დანილ ხარმსი


გასაუბრება

ერთხელ გასაუბრებაზე ვიყავი სადაც ორი კაცი დამხვდა, რომლებიც ბურას თამაშობდნენ.
ოთახში რომ შევედი წვერებიანი ეუბნებოდა მეორეს
- დავი - მერე მე შემომხედა - დაბრძანდით.
დავჯექი.
- სე - თქვა მეორემ - მოგვიყევით თქვენს შესახებ.
მე ცოტა არ იყოს დავიბენი და კარტისკენ თვალი გავაპარე.
- დიახ, დიახ, მოგვიყევით - გამამხნევა წვერებიანმა.
- ამჟამად ვსწავლობ ჯავხიშვილის უნივერ...
- დავი - თქვა წვერებიანმა - განაგრძეთ.
- ხო, ამჟამად ვსწავლობ...
- წავიდა - თქვა მეორემ.
- ჩემი აყვანაა? - თქვა წვერებიანმა - დიახ, სად სწავლობთ?
- ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
- დიახ. შემდეგ? გიმართლებს, ძაან ბანძი კარტი მომდის. - თქვა წვერებიანმა.
- უკაცრავად? - ისევ დავიბენი მე.
- არა, შენ არა - მითხრა წვერებიანმა - სად სწავლობ?
- სად უნდა ვსწავლობდე? - გაუკვირდა მეორეს - დუ.
- არა, შენ არა, ამას - თქვა წვერებიანმა და ჩემზე წვერით მიანიშნა - დავი.
- ესეიგი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ძალიან კარგი - გააწყვეტინა მეორემ - ჩემი მოსვლაა.
- დიახ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და...
- დავი - თქვა წვერებიანმა - დიახ, განაგრძეთ.
-...და ამჟამად ვმუშაობ კომპანია...
- დამა! - წამოიძახა მეორემ, შემდეგ მომიბრუნდა და კეთილგანწყობილი ტონით მითხრა - ძალიან კარგი, საკმარისია, დაგიკავშირდებით. - შემდეგ გაჭრილი კარტი გვერდზე გადადო - წავიდა.


დიალოგი

ჩამოვდივარ იმ დღეს ელბაქიძის აღმართზე რა, გავიხედე და ზის ორი კაცი იქვე, მზის გულზე და ბლოყინმეტყველებს, ჭეშმარიტად, ფუჭსიტყვაობის ასეთი სანიმუშო მაგალითი მეორე არც მომისმენია; ერთი ამბობს:
- რავა ხარ ძმრად?
მეორე პასუხობს:
- შენზე უკეთესად. შენ რავა ხარ?
- მეც არა მიშავს ბრად. შენ რას შვები?
- რავი ვაარ რა. შენ?
- მეც ისეთ პონტში ძმრატ. შენსკენ რა ხდება?
- არაფერი ახალი და საინტერესო. როგორ მოიარე?
- ნიჩივო რა. ჩაასწორა. შენ რას ჩალიჩობ?
- რავი რა, გაზგასული ბორჯომივით. შენ რავა ხარ ძმის გულ?
- ტაკ სიბე ძმის გულ. შენ, ბრატ?
- საკაიფოდ ძმაო შენ?
- ნელა-ნელა, როგორც მელა, შენსკენ?
- ნიჩივო ნიჩივოო, ვუძლებ , შენა?
- ისეთ პონტში. თავად?
- რავი აქეთური იქითური რაა. შენს პონტში?
- ჩემ პონტში რავი. შენა? ცხელა ტოო.
- კი ცხელა. არამიშავს. შენ რავა ხარ?
და ასე დაუსრულებლად.


დიდუბის მეტრო

ღამე, დიდუბის მეტროდან რომ გამოდიხარ, გვირაბის ბოლოს კაცები დგანან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სახელებს ყვირიან. მაგალითად "ბათუმი, ბათუმი!". ან "გორი, ხაშურიი", ბოლოში გაგრძელებული 'ი' ასოთი, ან კიდევ "ზესტაფონი, ქუთაისი" ან "ხაშური-ქუთაისი" ან "მცხეთა-თბილისი-ჯეიჰანი" და ა.შ. - ყველა შესაძლო კომბინაცია.
ხოდა გამოვდივარ იმ საღამოს და გვირაბის ბოლოში იდგა ეს კაცი, მწვანე მაისურით და მწვანე, ჩაციებული თვალებით - შორიდანვე თვალი გამისწორა და რომ მივუახლოვდი მთელი ძალით დაიღრიალა:
- ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ზესტაფონიიი!!
მე რაღაცნაირად მომერიდა, მისი ეს ძალისხმევა უყურადღებოდ დამეტოვებინა, ამიტომ სასწრაფოდ ვუპასუხე ხაშურიგორიმცხეთათბილისი-მეთქი და შემდეგ, რათა მეტი არაფერი ეთქვა, (რადგან საკმაოდ გვიანი იყო და მსგავსი საუბრის გაგრძელების სურვილიც არ მქონდა), ჩქარი ნაბიჯით გავეშურე გაჩერებისკენ, სადაც არასოდეს არ დადიან სასურველი ავტობუსები.


Open Air

Open air ზე დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა და დიდხანს ვილაპარაკეთ. 
ძნნნნძნნნნნძნნნნძნნნნ, უკრავდა მუსიკა,

- გიო ხომ არ გინახავს? - ვკითხე მე.
ამ დროს დრამის პარტია ჩაერთო: ბრბ დდც დდდ გგგ 
- ჟჟჟჟჟღღღდდდ აუააააა იი ჩხჩხჩხ - მიპასუხა მან.
- კაი მართლა? - გამიკვირდა მე - როდის?
- აიაააა უააა ღრღრღრღღრრრ დღრიიი - თქვა მან და მხრები აიჩეჩა, რის შემდეგაც მე იმდენად გაკვირვებული დავრჩი რომ ხმა ვეღარ ამოვიღე.

სამაგიეროდ მუსიკოსმა, რომელსაც არავინ უსმენდა, განაცხადა - ააააააააააააააააააააააააააააააააააააააუ.
ხოლო გოგონამ რომელსაც ბუმბულებიანი, ინდიელის ქუდი ეხურა და ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრის გვერდით იდგა ხელები ცაში აღაპრო და დაიძახა
- უუუუუუუუუუუუუუუუუუუუ.
მაგისმა თავგადახოტრილმა მეგობარმა ლუდი მოსვა და ურიტმოდ ხტუნვა გააგრძელა, მე კიდევ ჩემს მეგობარს დავემშვიდობე, მაგრამ იქვე დავრჩი და თვითმფრინავებს ვაკვირდებოდი.


გაჯავიკი


წინა კვირას ელიავაზე ვიყავი, გაჯავიკს ვეძებდი. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, პაპანაქება სიცხეში მდგარ მუშებს ვკითხე და მაშინვე მიმითითეს იქვე მდგარ კაცზე, გულზე გადაღეღილი პერანგით და სქელი, გარუჯული ხელებით.
- სანდრო - გავეცანი მე და ხელი გავუწოდე.
- მიშა - მითხრა იმანაც და ორმოცი თითი დამამტვრია.
მერე ავუხსენი რისი შეგაჯვა მჭირდებოდა და როდის, ფასიც ვკითხე. ბევრი არ გვივაჭრია, მომეწონა ხელოსანი, საქმიანი, პირდაპირი ლაპარაკით და ყველაფრით. ნომერი ჩავიწერე და დაგირეკავთ მეთქი ვუთხარი. ის ის იყო უნდა წამოვსულიყავი რომ კაცების ჯგუფიდან ვიღაცამ დაიძახა.
- ზაზა, მაღაზიაში გინდა რამე?
მიშა დაფიქრდა, გულის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და არაო, გადასძახა.
- მე მეგონა მიშა გერქვათ - ვუთხარი მე.
- მიშა მქვია - თქვა მან და სიგარეტს მოუკიდა - მაგრამ ზაზასაც მეძახიან.


Wednesday, June 3, 2015

რა ჩაიდინა ჩემმა პუტკუნა, კახელმა ტაქსისტმა

არც ვიცი რა მოხდა. ჩემთვის ვიჯექი ტაქსიში და ფანჯრიდან ვუყურებდი ღამის ქუჩას, როდესაც შუქნიშანზე რაღაცა ისეთი მოხდა, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვამჩნევ ხოლმე ავტომანქანით მოძრაობისას და მხოლოდ მძღოლებისთვის და საკითხში ღრმად განსწავლული პირებისათვის არის ბოლომდე ცნობილი.
მანქანა რომელიც მანამდე უკან მოგვყვებოდა ცოტა გაგვცდა, შემდეგ დაამუხრუჭა, შემდეგ ისევ აუჩქარა რათა დაგვწეოდა და ბოლოს როგორც იქნა გაგვისწორდა. ჩაწეულ ფანჯარაში გაწითლებული სახე გამოჩნდა, რომელზეც ჩქარ-ჩქარა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საჭის კონტროლზე კონცენტრაცია და უკონტროლო ბრაზი.
- რა გააკეთე? - დაიყვირა ემოციებისგან და ღამის ლამპიონებისგან დინამიურმა და დალაქავებულმა სახემ.
- რა გავაკეთე? - გაუკვირდა ჩემს ტაქსისტს.
მანქანა ჩამოგვრჩა, თითქოს ასეთი პასუხისგან გაოგნებულმა მძღოლმა ფეხი მუხრუჭს გლიჯა.
მაგრამ მანქანამ ახალი ძალით დაიღმუვლა და ისევ გვერდში ამოგვიდგა.

- რა გააკეთე? - დაიყვირა ისევ, ახლა უკვე უმისამართოდ, რადგან ამხელა ბრაზის ერთ ადამიანზე კონცენტრირება არა მგონია შესაძლებელი იყოს.
- რა გავაკეთე? - ისევ გაუკვირდა ჩემს ტაქსისტს.
ამასობაში ჩვენს ირგვლივ მყოფი მანქანების ყურადღებაც მივიქციეთ. ერთ-ერთი მეორე მხრიდან ამოგვიდგა, ფანჯარა ჩამოსწია იმანაც და იქიდან ორი ცნობისმოყვარე თვალი გამოჩნდა.
- რა გააკეთე? - დაგვიძახა ახალმა მეზობელმა.
- რა გავაკეთე? - ხელები გაშალა ჩემმა ტაქსისტმა, რამდენადაც მისცა ამისი საშუალება თავისმა ფუნქციამ მანქანაში.
მერე გზაჯვარედინს მივაღწიეთ და სხვა მანქანები ჩამოგვშორდნენ.
- რა გააკეთე ამისთანა? - ვკითხე ჩემს ტაქსისტს.
- რა გავაკეთე ამისთანა? - შემომჩივლა იმანაც.
ასე დარჩა საუკუნო საიდუმლოდ, თუ რა ჩაიდინა ჩემმა პუტკუნა, კახელმა ტაქსისტმა.


Monday, June 1, 2015

I

ერთხელ გასაუბრებაზე ვიყავი სადაც ორი კაცი დამხვდა, რომლებიც ბურას თამაშობდნენ.
ოთახში რომ შევედი წვერებიანი ეუბნებოდა მეორეს
- დავი - მერე მე შემომხედა - დაბრძანდით.
დავჯექი.
- სე - თქვა მეორემ - მოგვიყევით თქვენს შესახებ.
მე ცოტა არ იყოს დავიბენი და კარტისკენ თვალი გავაპარე.
- დიახ, დიახ, მოგვიყევით - გამამხნევა წვერებიანმა.
- ამჟამად ვსწავლობ ჯავხიშვილის უნივერ...
- დავი - თქვა წვერებიანმა - განაგრძეთ.
- ხო, ამჟამად ვსწავლობ...
- წავიდა - თქვა მეორემ.
- ჩემი აყვანაა? - თქვა წვერებიანმა - დიახ, სად სწავლობთ?
- ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
- დიახ. შემდეგ? გიმართლებს, ძაან ბანძი კარტი მომდის. - თქვა წვერებიანმა.
- უკაცრავად? - ისევ დავიბენი მე.
- არა, შენ არა - მითხრა წვერებიანმა - სად სწავლობ?
- სად უნდა ვსწავლობდე? - გაუკვირდა მეორეს - დუ.
- არა, შენ არა, ამას - თქვა წვერებიანმა და ჩემზე წვერით მიანიშნა - დავი.
- ესეიგი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ძალიან კარგი - გააწყვეტინა მეორემ - ჩემი მოსვლაა.
- დიახ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და...
- დავი - თქვა წვერებიანმა - დიახ, განაგრძეთ.
-...და ამჟამად ვმუშაობ კომპანია...
- დამა! - წამოიძახა მეორემ, შემდეგ მომიბრუნდა და კეთილგანწყობილი ტონით მითხრა - ძალიან კარგი, საკმარისია, დაგიკავშირდებით. - შემდეგ გაჭრილი კარტი გვერდზე გადადო - წავიდა.


Thursday, April 16, 2015

გოლიათი

ერთხელ მე და კიდევ ერთი, რომლის ვინაობაც არ მახსოვს, ლუკამ დაგვარწმუნა ბანაკის უკან სახლი როა, გოლიათი ვნახეო და გავიპარეთ. ეს სახლი ბანაკების ცოტა მოშორებით იდგა ტყეში, ორი ფანჯრით და პატარა ვერანდით. ლუკას თავიდან არ ვუჯერებდით, მეოცე საუკუნის შვილებს, გოლიათების კი არა თოვლის ბაბუის არსებობაში შეგვქონდა ეჭვი. თან მაგ ამბაბდე ცოტა ხნით ადრე, ლუკას ტყუილი გამოვააშკარავეთ, გვიმტკიცებდა, ისეთი დისკები მაქვს «კომპიუტერში რომ ჩადებ», დედამიწა განადგურდებაო. რა თქმა უნდა სანამ ამ მტკიცების სიმცდარე სხვა, უფრო ცხადი მიზეზის გამო არ გამოაშკარავდა, მაინცდამაინც არ ჩავრღმავებივართ როგორ აღმოჩნდა ლუკას ხელში ასეთი დისკები აწყურის ბანაკში (ბიძაჩემმა მომცაო, ასე გვითხრა).

მაგრამ ბოლოს ლუკას დაჟინებამ თუ ჩვენმა ცნობისმოყვარეობამ სკეპტიციზმი დაამარცხა და შუადღეზე, სადილის შემდეგ, ღობეში გავძვერით და ცოტა ხანში სახლსაც მივადექით. თავიდან მხოლოდ გმირული და სათავგადასავლო კონტექსტი მიზიდავდა ამ ამბავში, თვალწინ ტომ სოიერი, კალე ბლუმკვისტი, ჰეკ ფინი და რა ვიცი კიდევ ვინ არ მედგა – მიუხედავად იმისა რომ გოლიათის არსებობის მაინც არ მჯეროდა, სახლის ირგვლივ ამოსულ მაღალ ბალახებში ჩამალული მივიპარებოდი სხვა თავგადასავლების მაძიებლებთან ერთად. ძალიან ფრთხილად და როგორც მაშინ გვეგონა, ოსტატურად ავძვერით პატარა ვერანდაზე და ფანჯრებთან ავიტუზეთ – ჯერ ვერავინ ვბედავდით შეხედვას. მერე მესამემ ივაჟკაცა და მისი გაფითრებული სახე ჩემთვის მაშინვე გოლიათის არსეობიბის დასტურად გადაიქცა. ახლა უკვე მართლა შეშინებულმა, მეც გავბედე შეხედვა ფანჯარაში. სადაც მე ვიდექი იქიდან ბევრი არაფერი ჩანდა უზარმაზარი, შავი ბოტების გარდა, რომელიც «ლეჟანკის» კიდეზე ეწყო - გოლიათის თითქმის მთელი სხეული დაფარული იყო შიდა კედლით. ბოტებთან ახლოს, კედელზე აყუდებული უშველებელა, პრიალა კომბალიც მოჩანდა.

შემდეგ რაღაც მოხდა. ლუკამ, აპოკალიფტური დისკების მფლობელმა, გამოუსწორებელმა ფანტაზიორმა და თავგადასავლების მაძიებელმა, გოლიათის ფანჯარაზე დააბრახუნა გოლიათისავე ძილის საათებში. კი არ დააკაკუნა ან მოათათუნა ან დააცაცუნა, არამედ მთელი ძალით დააბრახუნა. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, შეიძლება თავისი ფანტაზიის არარეალურობაში დარწმუნდა იმ წამს, ან უბრალოდ ჩათვალა რომ გოლიათებთან საურთიერთოდ, ასეთი უხეში ხერხებია აუცილებელი, მაგრამ ფაქტია, გოლიათი გააღვიძა. შიგნით ბოტები შეინძრა და სანამ შიშისაგან გახევებული მოვისაზრებდი რომ უნდა გავქცეულიყავი გოლიათის გაბურძგნული თავი წამოიწია ლეჟანკიდან (მაშინ რა თქმა უნდა იმდენი ანალიტიკური ძალა არ შემწევდა, გამეაზრებინა რომ ასეთ ლეჟანკაზე, მომცრო გოლიათიც კი ვერ შეძლებდა დაძინებას). მისი მრისხანე და ძილისაგან თუ ბუნებრივად გასიებული თავი დღესაც ცხადად შემიძლია წარმოვიდგინო. კომბალს რომ დაავლო ხელი, საბოლოოდ დავრწმუნდით მის გოლიათობაში (არადა ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცევა, კომბალი რომ ქონდეს და ტყეში ჩადგმულ სასიამოვნო ქოხში ძილი დაუფრთხონ). იქედან ბანაკამდე როგორ მივაღწიე არ ვიცი, მხოლოდ გვერდზე ბგერის სიჩქარით ჩაქროლებული ხეები მახსოვს (ტყუილს ვერ ვიტყვი, სინათლის სიჩქარით ახალგაზრდობის ჯან-ღონით სავსე დღეებშიც კი ვერ დავრბოდი).


რამდენიმე კვირის შემდეგ, თბილისში რომ დავბრუნდი, წარმოსახვა დაცხრა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. რაც უფრო ვრწმუნდებოდი რომ ტყეში ნანახი კაცი გოლიათი არ იყო, მით უფრო მეტად მიკვირდა, რატომ გამოგვეკიდა მოსაკლავად (მაშინ მჯეროდა რომ ერთმანეთს მოსაკლავად მარტო მითიური არსებები დასდევენ). მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც წარმოვიდგინე, ჯართის ჩამბარებელ კაცს როგორ გავუჭყლიტავდი თავს ჩემს სახლში მოჭრილი, მეშვიდე სართულიდან ნასროლი რადიატორით - მხოლოდ იმიტომ რომ გამაღვიძა. აი ასე ვისწავლე სხვისი და განსაკუთრებით კი გოლიათების ძილის საათების პატივისცემა. 


Saturday, March 21, 2015

პიესა ერთ მოქმედებად

მოქმედი პირები:

დაბნეული მოქალაქე I
დაბნეული მოქალაქე II
დაბნეული მოქალაქე III
ხმა ზემოდან

შემოდის დაბნეული მოქალაქე I
ხმა ზემოდან: - დაბრძანდით.
დაბნეული მოქალაქე I ჯდება.

შემოდის დაბნეული მოქალაქე II
ხმა ზემოდან: - დაბრძანდით.
დაბნეული მოქალაქე I რომელიც უკვე ზის, დგება.
დაბნეული მოქალაქე II ჯდება.


ხმა ზემოდან (დაჟინებით): - დაბრძანდით.
დაბნეული მოქალაქე I ჯდება.

ხმა ზემოდან: - მიშა მოერევა თუ ბიძინა?
დაბნეული მოქალაქე I: - მიშა!
დაბნეული მოქალაქე II: - ბიძინა!
დაბნეული მოქალაქე I: - მიშა!
დაბნეული მოქალაქე II: - ბიძინა!
დაბნეული მოქალაქე I: - ბიშა!
დაბნეული მოქალაქე II: - მიძინა!
დაბნეული მოქალაქე I: - ბიძა!
დაბნეული მოქალაქე II: - მიშინა!

შემოდის დაბნეული მოქალაქე III და თანადაბნეულ მოქალაქეებს უყურებს, თან ფენოვან ხაჭაპურს ჭამს.

ფარდა.

Friday, March 13, 2015

მათხოვარი ბავშვები


თბილისში უამრავი მათხოვარია და მათგან ყველაზე საინტერესო ჩემთვის მათხოვარი ბავშვები არიან, არ ვიცი რატომ. მათთან დალაპარაკება ძალიან ადვილია თუ მოინდომებ და ხანდახან, რომც არ გინდოდეს მაინც დაგელაპარაკებიან თვითონ. ხოდა აქ არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოველაპარაკე რომელიმე მათგანს, ან ისინი დამელაპარაკნენ, ან არც ერთი მაგრამ რაღაცა ისეთის გამო დამრჩა მეხსიერებაში რაც მათხოვარი და არამათხოვარი მოქალაქის სტანდარტული ურთიერთობის ფარგლებს სცილდება.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთ ბარში შევედით და ლუდი შევუკვეთეთ. მერე შევამჩნიე პატარა ბიჭი რომელიც ბარის „სტოიკასთან“ მაღალ სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ლუდი რომ მოგვიტანეს და მაგიდისკენ წავიღეთ, გულისხმიერება გამოიჩინა, უხერხულად მოტრიალდა თავის მაღალ სკამზე, დაგვაკვირდა და იმაზე ხმამაღლა ვიდრე საჭირო იყო, გვითხრა - „ლუდი არ გინდა, არა, ცუდია“. თან რატომღაც დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტულ ფრაზას ყოველგვარი მატერიალური სარჩულის გარეშე გვეუბნებოდა, თუმცა მაშინვე ჩამოხტა სკამიდან, უკან გამოგვყვა და ფული მთხოვა. მე ხურდა მოვიქექე ჯიბეში და მივეცი, ამან კიდე დახედა ოდნავ დაელმებული თვალებით, (გვიან შევამჩნიე რომ ცოტა ელამი იყო), მერე ამომხედა და მკითხა - „ლარი არ არი“?

                *  *  *                      
ერთხელ იმავე ბარში, ერთ-ერთ მაგიდაზე გაშლილი იყო 1500 ელმენტიანი ფაზლი. მანამდე, რამდენიმე დღის წინ შევესწარი როგორ მოიტანეს და გაშალეს მაგიდაზე და ეტყობა იმის მერე აწყობდნენ. იმ დღეს უკვე ცოტა იყო დარჩენილი ბოლომდე აწყობამდე, ასე 100-150 ცალი ალბათ. ფაზლის მაგიდასთან ჩვენი მეგობარი იჯდა და ეჩალიჩებოდა. ჩვენც მაგ მაგიდას მივუსხედით და ხელები ავაფათურეთ რომელიღაცა ფირმა ქვეყნის ცის აუწყობელ ნაწილებში. ცოტა ხანში მათხოვარი გოგო შემოვიდა და ჯერ ცოტა მოშორებით დადგა, და მოშორებით გაჩერდა, გვიყურებდა. თავიდან მეგონა ფულის სათხოვნელად მოვიდა, მაგრამ ხმა არ მოუღია, იდგა და ფაზლს აკვირდებოდა. ერთერთმა ჩვენგანმა ხუმრობით უთხრა მოდი დაგვეხმარეო იმასაც მეტი ხვეწნა არ დასჭირვებია, მაშინვე მოუახლოვდა მაგიდას და და საქმეს შეუდგა. მინიმუმ ნახევარი საათი მაინც იდგა ფეხზე, ცალი ყურით ჩვენს ლაყბობას უსმენდა და თან ფაზლს აწყობდა. მერე მობეზრდა და ეგრე უხმოდ გავიდა ბარიდან.

*  *  * 
ერთი კოლორიტული ტიპია, მეტროში „მუშაობს“. ხუჭუჭა, ქერა თმა აქვს და ყოველთვის საქმიანად მოძრაობს თავის ამფსონებთან ერთად, ან მარტო, როდესაც პროფესიულ საქმიანობას არ ეწევა. დღემდე ვერ დავადგინე, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვხედავ, ენას მართლა უკიდებს თუ სპეციალურად ამახინჯებს სიტყვებს. შევატყვე, ვაგონის დაძვრისას დასაძახებელ ტექსტებს ყოველგვარი თეატრალური აზარტის გარეშე ამბობს, მოვალეობის მოხდის მიზნით. შესაბრალი შესავლის შემდეგ მხიარულად დაუყვება ვაგონს და ხურდას აგროვებს სასხვათაშორისოდ, თან ყველაფერს აკვირდება, ხანდახან ხელსაც კიდებს უბოდიშოდ, რაც მის ყურადღებას მიიპყრობს. ერთხელ ქინდლით ვიჯექი და მოვიდა, დახედა და მეკითხება - ნამდვილიაო? (თან ამ დროს ცალი ხელით ხურდა გამოართვა ჩემს გვერდით მჯდომს, ისე რომ იქეთ არ გაუხედავს). უცებ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა და კი-მეთქი. ეჭვით შემომხედა, მერე თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, საზეიმოდ განაცხადა, როგორც ადამიანმა რომლის გაცურებასაც შეეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ - არა, წიგნიაო! - და შემდეგი ინტერესის ობიექტისკენ გადაინაცვლა.
  ერთხელ დავინახე დიდუბის მეტროში, სადღაც დათრეული ფანრიანი სანთებელის რაობაზე ეკამათებოდა შემთხვევითად შერჩეულ გამვლელებს, მიუხედავად იმისა მათ ეს უნდოდათ თუ არა. ზოგი ჰყვებოდა საუბარში, ზოგი უხერხულად დუმდა, ზოგი უხეშად იშორებდა მაგრამ ეს მაინც უმტკიცებდა რაღაცას,  ფეხებზე ეკიდა, თან სანთებელას აჩვენებდა. მერე ვაგონში შევედით, ჩემთან რომ ჩამოიარა ცოტა ფული მივეცი და თვალი ჩავუკარი, ამანაც გამიცინა, სანთებელა მეტი თვალსაჩინოებისთვის ცხვირთან მომიტანა, დაატკაცუნა და გაიარა. მაგრამ მაინც ვერ მიცნობს ალბათ შემდეგ შეხვედრაზე, რაზეც ცოტა გული მწყდება.
    
*  *  *
კიდევ ერთი მათხოვარი ბიჭი მახსენდება, რომელსაც ხშირად ვხედავ ხოლმე. ამასაც ქერა თმა აქვს, ოღონდ პირველი ქერასგან ძალიან განსხვავდება. ჩაწითლებული თვალებით დადის, მხრებში მოხრილი, თითქმის მტრული და სატირლად გამზადებული გამომეტყველებით, ისე რომ არავის უყურებს. ერთხელ შემოვიდა ვაგონში და ხატები დაარიგა ჯიქურად, არავის არ ათქმევინა უარი. მეც, ჩემი პროტესტის მიუხედავად ერთი ცალი მომაჩეჩა. საფულეში დავიწყე ქექვა, მაგრამ ლარიანი ვერ აღმოვაჩინე (ასე დარიგებული ხატების ფასი როგორც წესი ერთი ლარია ხოლმე), მხოლოდ წვრილი ხურდა მქონდა, 50 თეთრამდე. ჩემთან რომ დაბრუნდა ეს ფული გავუწოდე, თან ვუთხარი ხატი არ მინდა მეთქი. არ ვიცი ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი თუ რა იყო, ხურდას დახედა, მერე მე ამომხედა საყვედურით, ხატი არ გამოურთმევია ისე გატრიალდა და სწრაფად გაძვრა ხალხში. მე უცებ აზრზე ვერ მოვედი, მერე ვცადე დავწეოდი და როგორღაც იმ ჭყლეტვაში მოვახერხე კიდეც, მხარზე ხელი დავადე რომ მოეხედა და ხატი მივაწოდე, არ მინდა-მეთქი. არ დამავიწყდება ის მზერა რაც მაშინ მესროლა, მტრული და თან საყვედურით სავსე. მერე ხატი უხეშად გამომგლიჯა ხელიდან და ვაგონიდან გავიდა. მე კიდე თავი დამნაშავედ ვიგრძენი და დიდი ხანი მიმყვებოდა, ჩაწითლებული, სატირლად გამზადებული თუ ნამტირალევი თვალების მზერა.