Tuesday, July 14, 2015

საშიში ქუჩები

ერთხელ ქუჩაში მივსეირნობდი, რადგან კარგი ამინდი იყო და არანაირი მიზეზი არ მქონდა, არ მესეირნა. რაღაც მომენტში გავაცნობიერე რომ უკვე რამდენიმე წუთია ვიღაცა მომდევდა თანაბარი დისტანციით. ნაბიჯს ავუჩქარე - იმანაც აუჩქარა. შევანელე, იმანაც შეანელა. ახლა უკვე შევშფოთდი. გონებაში გადავსინჯე ყველა მიზეზი, რისთვისაც შეიძლება ვინმე გამომყოლოდა და ვერაფერი ვიპოვე. ამიტომ კიდევ უფრო ავღელდი. საბოლოოდ დასარწმუნებლად მთავარი ქუჩიდან გადავუხვიე და სწრაფად წავედი. ნაბიჯების ხმა მიწყდა, პატარა ქუჩაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. შვებით ამოვისუნთქე და საკუთარ თავზე გამეცინა. სულის მოსათქმელად გავჩერდი, უკან მოვიხედე და კინაღამ გული გამისკდა. ჩემს უკან ტყავის ქურთუკიანი კაცი იდგა, სქელი, შავი წარბებით და რამდენიმე დღის გაუპარსავი, ჯაგარივით წვერით.
- რომელი საათია? - მკითხა მან ჩახლეჩილი ხმით.
გამახსენდა რომ ტელეფონი დამჯდარი მქონდა, საათს კი მაშინ არ ვატარებდი.
- არ ვიცი. - ვუთხარი მე და თან ინსტინქტურად ნაბიჯი უკან გადავდგი.
კაცმა რამდენიმე წამით თვალი გამისწორა, წარბები აწია და მოგუდული ხმით მითხრა.
- სამს აკლია თხუთმეტი.
და ჩქარი ნაბიჯით გამცილდა.


No comments:

Post a Comment