Tuesday, September 20, 2016

ტაქსისტი, რომელმაც დაანება



ტაქსიში ჩავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. 
ცოტა ხანი ჩუმად მივდიოდით, მერე ტაქსისტი მეკითხება:
- დიდი ხანია რაც ეწევი?
- არც ისე.
- კარგი იქნება თუ დაანებებ. მაგაზე უარესი არაფერია.
- კი, ვიცი, ახლა ზუსტად დანებების პროცესში ვარ, მაგრამ ცოტა მიჭირს.
- გეტყვი ახლა მე როგორ დავანებე. ერთ დღესაც გადავწყვიტე აღარ მოვწევ-მეთქი. და ასეთი რამე მოვიფიქრე: ჯიბეში სულ მედო გახსნილი კოლოფი მაგრამ არ ვეწეოდი. თუ ვინმე მთხოვდა - პაჟალუსტა; მაგრამ მე თვითონ არ ვეწეოდი. რომ არ მქონოდა უფრო მოვწევდი.
ვაა, ცოტა ზედმეტად გავიკვირვე, რა მაგარი მეთოდია-მეთქი. მასეთ რამეს ალბათ დიდი ნებისყოფა ჭირდება-მეთქი.
- კი, მაგარია - მითხრა მან და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა. ჩემი გაკვირვებული მზერისთვის არც უპასუხია, სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარა ცოტა ჩამოსწია და გააგრძელა:
- მერე… გავიდა ასე სამი კვირა, ოთხი კვირა, ხოდა ვუთხარი ჩემს თავს - აბა, თუ მაგარი ხარ ერთი ღერი მოწიე ისე რომ მოწევა არ დაიწყო-მეთქი. მოვწიე. აბა მეორესაც თუ მოწევ-მეთქი, ვეუბნები. კიდევ მოვწიე. და არაფერი რა, არც დამოკიდებულება გამჩენია არც არაფერი. აბა მესამეც მოწიე-მეთქი. მოვწიე… და ასე, ეს ორასცხრაათას შვიდასოთხმოცდამეცხრე ღერია, მაგრამ მოწევა მაინც არ დამიწყია - ძლევამოსილი ნაფაზი გამოარტყა, გაუპარსავი სიფათი ჩემსკენ მოაბრუნა და წარბები ასწია.
- არაჩვეულებრივია - მივულოცე მე - იმედია როდესმე თქვენს სიმაღლეებს მივაღწევ.


Wednesday, January 13, 2016

მახათას მთაზე აღმოჩენილი ჩანაწერებიდან:















არ უნდა დაგვავიწყდეს ვისი გორისა ვართ. ამის შედეგად ჩვენ გამოვიმუშავებთ უიშვიათეს უნარს, დავიმახსოვროთ ვისი გორისა ვართ. ასევე გავივარჯიშებთ მეხსიერებას, სხვა უფრო სასარგებლო ინფორმაციის დასასაწყობებლად. ან სხვა, ასევე უსარგებლო ინფორმაციის დასასაწყობებლად.
როდესაც წინადადება მთავრდება სიტყვით - «დასასაწყობებლად», იქ ბევრს ვერაფერს გააწყობ, გიჯობს ბედს შეეგუო და სამჯერ დაუშტვინო სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით.
რა თქმა უნდა, არ უნდა მივაქციოთ მის ასეთ საქციელს ყურადღება, რადგან ამ ბოლო დროს იგი სულ მთლად გაფანტული დადის, ერთხელ იცით რა ქნა? დამავიწყდა, მაგრამ ნამდვილად საოცრება იყო, იქ უნდა ყოფილიყავით.
მსგავსად ყოველი წარმავალი ხილისა, ერბოკვერცხიც ჩვენს ყველა მოლოდინს აჭარბებს, რადგან არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს და სამყაროს წესრიგში მცირე ქაოსის შეტანას ცდილობს ტაფაზე უდიერი შიშხინით.
რადგან არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი, რითაც გავზომავდით ისეთ მატერიებს როგორიცაა მაგალითად კომბოსტო ან კარბურატორის მწვავე ინფლაცია თუ ინფლამაცია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მარსი კაი ხანია იუპიტერის ეტლშია შესული და გამოსვლას არ აპირებს.
თუმცა ყოველთვის გვეგონა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაინც სიამოვნებით მივირთმევდით კამელიებით შეკმაზულ ჩიჟი-პიჟის, რაც არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენებს, უბრალოდ, ცხადია აღნიშვნის ღირსია.
ასევე აღნიშვნის ღირსია მოზამბიკელი მოგზაური ზამბოა ბუზუმარუ, რომელიც რამდენჯერმე შეეცადა დედამიწისთვის გარს შემოევლო, თავისი სახელოვანი წინამორბედების მსგავსად, მაგრამ არცერთხელ არ გამოუვიდა და იმას დასჯერდა რომ ფეხით ჩავიდა უახლოეს სოფელში, რათა იმერული ყველი ეყიდა, რომლის დეფიციტიც აფრიკაში, მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი პრობლემაა.
მაშასადამე, ქალბატონებო და ბატონებო, გიწვევთ ყველას არაჩვეულებრივ საღამოზე, რომელიც გაიმართება გუშინ, ზუსტად 25:00 საათზე, ობსერვატორიის მომცრო ზალაში.
ყველაფერს აქვს საზღვარი, როდესაც საუბარი მიდის რაღაც-რაღაც თემებზე. თუ ამაზე ყველა თანხმდება, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რომ დილას სრულიად უადგილოა, ფეხის თითზე გამოხეული წინდები, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანის ცხოვრების დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უდიერად გამოფხრეწილი ზედ ცერა-თითზე, თავისი ერთადერთი ახლად ნაშობი თვალით მოგცქერის მტვრიანი იატაკიდან და თუ ამას ქუსლზე გადატრეტილი, თითქმის გამჭვირვალე ნაწილი დაემატა, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფა, საკმაოდ ახლოსაა.
კარგად თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს სამყარო სავსეა მსუყე მატერიებით, როგორიცაა ერბო-კვერცხი, ბადრიჯანი, ტარმაზნოი ზეთი და აბდალა-ინშ-მუდალბაჰლაზ-დრუმი.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, გარდა ლიმონისა.
რადგან არაფერია, რაზეც შეიძლება თქვა რომ არ არის, მაგრამ უნდა იყოს, მაშასადამე ყველაფერი, რაც არის მაგრამ არ უნდა იყოს, შეჯამებული მისტიკაა.
ძალიან დამღლელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოაწყო შენი ცხოვრება კიპიტელნიკის მეშვეობით, რაც ალბათ იმით არის გამოწვეული რომ კიპიტელნიკით ცხოვრების მოწყობა ფაქტობრივად შეუძლებელია და დიდ შემოქმედებით ძალისხმევასა და იმპროვიზაციის უნარს მოითხოვს.
თუ ვიტყვით რომ ყველა, ვისაც ამქვეყნად რაიმე წვლილი მიუძღვის, დიდი ადამიანია, მაშინ გამოდის რომ ბელუქსის ძროხა, სულაც არ არის კომფორტულად მოკალათებული.
იმაზე დაფიქრება, თუ როდემდე უნდა ფლანგოს ადამიანმა თავისი ძვირფასი დრო და ნერვები, ღირს, მაგრამ რიტორიკული ბუნების გამო არ არის რეკომენდებული.
ყველაფერს თავისებური მიდგომა ჭირდება და რადგან ეს ძალიან რთული და მოსაბეზრებელია, საერთოდ შეიძლება გადაიფიქროს კაცმა რამეზე მიდგომა.
ყოველთვის, როდესაც ერბო-კვერცხს ვჭამ, ვფიქრობ დაუბადებელ წიწილაზე, რომელსაც თეორიულად, შეეძლო რაიმე საინტერესო თავგადასავალში გახვეულიყო. შემდეგ თუ საჭმელს მარილი აკლია, ვუმატებ.


Saturday, October 31, 2015

დილის ხვლიკი


ზაფხულის ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, სახლში, ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე ხვლიკი. კედელზე იჯდა და ღია ფანჯრიდან შემოსული მზის ზოლზე თბებოდა. მე ახალი გაღვიძებული ვიყავი და მაისურს ვიცვამდი. დავინახე და ეგრე გავშეშდი, მაისურში ცალხელგაყრილი, თმააჩეჩილი და თვალებდასიებული. ჭრელი იყო, გაფარჩხული, პაწაწინა თათებით. კუდი ოდნავ მოღუნული ქონდა, სინათლის მიმართულებით. სრულიად მშვიდად იჯდა, ვერტიკალურად გაშეშებული, თავით ჭერისკენ და თვალებიც დახუჭული ქონდა. მომეჩვენა რომ ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც ჩემი და ჩემი ძმის საძინებლად გამოყოფილი ოთახის სრულუფლებიანი წევრი.
- ამ ხვლიკმა რაღაცა იცის – ნამძინარევი თავით გავიფიქრე მე, ისე რომ არ გავნძრეულვარ.
ბევრი ხვლიკი მინახავს - საგამოცდო ბიბლიოთეკის სიცხით გადახრუკულ კიბეებზე, ლაგოდეხის ბანაკის სამზარეულოს კედლებზე, ბორჯომის ტყეების ნაპირებზე გამობობღებულები, სოფელში, ძროხის ბილიკების ახლომახლო, ძველ, ქვის ყორეებზე, ქალაქში, დაბაში, სადაც გინდა მოკლედ და რანაირიც გინდა, მაგრამ ეგეთი აზრი არცერთ ხვლიკს არ აღუძრავს ჩემში. სინამდვილეში, ისინი ყოველთვის საშუალო გონებრივი შესაძლებლობების არსებებად წარმომიდგებოდნენ ხოლმე.
სანამ მეც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო, მაინც რა იყო მისი საიდუმლო, სულაც არ დამუფლებია ის გრძნობა, რაც მგონია რომ ხვლიკის სახლში ნახვისას უნდა დაგეუფლოს ადამიანს. ანუ ცოტა ზიზღი, ცოტა ირაციონალური შიში, ცოტაც სიბრალული და ცოტა გაღიზიანება, რომ სამსახურში გაგვიანდება და რა დროს ხვლიკის დევნაა ახლა, არადა დევნა რომ მოგიწევს იცი, იმიტომ რომ ერთი დარტყმით მომკვლელი არა ხარ და მერე თუ გაგექცა, ბარე შესვენებამდე შეიძლება სდიო და ვერ დაიჭირო.
მაგრამ არაფერი ამგვარი არ მირძვნია. ეგ იყო რომ მეც მომინდა კედელზე ავბობღებულიყავი და ცოტა ხანი მზეზე მომეკალათა, გაფარჩხული თითებით ხვლიკის გვერდზე. მის ჭრელ, ლამაზ კანში, დახუჭულ თვალებში და მოსვენებულ პოზაში მხოლოდ სიმშვიდე იყო და კიდევ რაღაც უხილავი, ხვლიკური სიბრძნე და უცებ მომეჩვენა რომ ამ ხლვიკში იყო ჭეშმარიტება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სულელური აზრები გავფანტე და ჩემი ძმის ჩუსტები დავუშინე, შემდეგ მაისური ვესროლე (ასევე ჩემი ძმის), შემდეგ მამაჩემს დავუძახე, რომელმაც იატაკის ჯოხი და აქანდაზი მოიტანა, რაც, როგორც ცნობილია აუცილებელი ატრიბუტებია ხვლიკებთან ბრძოლისას, მერე დედაჩემმა გაიღვიძა, ჩემმა ძმამ თავისი მაისური მოითხოვა საკმაოდ უხეშად, მეზობლებმა ტელევიზორი ჩართეს, გარეთ მანქანამ დაამუხრუჭა, ვერტმფრენმა გადაიფრინა, ოფისებში კონდიციონერები აზუზუნდნენ, ვიღაცა (მთელი ქალაქი) საცობში გაიჭედა, ჩემი კედლიდან ყვითელი ზოლი გაქრა, ხვლიკი კიდევ კომპიუტერის მაგიდის უკან შეძვრა და იმის მერე აღარ გვინახავს.


Thursday, October 8, 2015

ინსტრუქცია თუ როგორ ვიტიროთ



ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ტირილის მიზეზები და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ვიტიროთ სწორად, რაც გულისხმობს ტირილს რომელიც არ გადაიზრდება ისტერიკასა და აურზაურში და არც ღიმილთან მსგავსებით შეურაცხყოფას მიაყენებს ამ უკანასკნელს. საშუალო, ყოველდღიური ტირილი შედგება სახის ნაკვთების დაჭიმვისა და სპაზმური ხმებისაგან - ცრემლებისა და წკვინტლების თანხლებით, ამასთან, ეს უკანასკნელი უფრო ბოლოსკენ, რამდენადაც ტირილი მთავრდება მაშინ, როდესაც მოტირალი ცხვირს საფუძვლიანად მოიხოცავს.
რათა იტიროთ, მიმართეთ ფიქრები საკუთარი თავისაკენ, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებთ იმის გამო, რომ გარე-სამყაროს არსეობობის გჯერათ, იფიქრეთ ჭიანჭველებით დაფარულ იხვზე, ან ყურეებზე მაგელანის სრუტეში, სადაც არასოდეს შედიან გემები.
როცა ცრემლები მოგადგებათ სახე რიგიანად დაიფარეთ ორივე ხელით, ხელისგულებით შიგნით. ბავშვებმა უნდა იტირონ ტანსაცმლის სახელოებში თავჩარგულებმა, უმჯობესია კუთხეში. ტირილის საშუალო ხანგრძლივობა - სამი წუთი.

ხულიო კორტასარი


ინსტრუქცია, თუ როგორ ვიმღეროთ

დასაწყისისათვის სახლში ჩაამტვრიეთ ყველა სარკე, უღონოდ ჩამოყარეთ ხელები, ცარიელი მზერით მიაშტერდით კედელს და გაირინდეთ. იმღერეთ ერთადერთი ნოტი, მოუსმინეთ მას შიგნიდან. თუ მოგესმებათ (თუმცა ეს მოგვიანებით უნდა მოხდეს) რაღაც მსგავსი ზაფრით მოცული ლანდშაფტისა, ქვებს შორის დანთებული კოცონებისა, მათთან ჩაკუზული, ნახევრადშიშველი ხალხის სილუეტებით - ვფიქრობ, სწორ გზას ადგახართ და ასევე თუ გაიგონებთ მდინარეს, მის ნაკადს ჩამოყოლებული შავ-ყვითელი ნავებით, თუ გაიგონებთ ახალგამომცხვარი პურის სურნელს, ცხენის ჩრდილს.

მოგვიანებით შეიძინეთ ფრაკი და ვოკალური მუსიკის სახელმძღვანელო, ნუ იმღერებთ ცხვირში და ასევე შეეშვით საწყალ შუმანს.

ხულიო კორტასარი

Thursday, October 1, 2015

პრინტერსტელარი

ჩვენი ინტერგალაქტიკური ექსპედიცია დასასრულს უახლოვდებოდა და დედა დედამიწისკენ უნდა გადმოგვეხვია, როდესაც ბენზინი თითქმის გამოგველია.
სხვა გზა არ იყო, რომელიმე ჩვენგანი უნდა გაფრენილიყო სამარქაფო ხომალდით იქვე ახლოს (შედარებით, რა თქმა უნდა) მდებარე პლანეტაზე და ბენზინის მარაგი შეევსო.
ჩვენი მრავალწლიანი მომზადების თუ გავითვალისწინებთ, ასეთი რამე არ უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ რას იზამ, ღია კოსმოსში ვერასოდეს ამოწურავ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.
ხომ გითხარით, ვუსაყვედურე თანამგზავრებს, უფრო საფუძვლიანად უნდა გაგვეზაპრავკებინა-მეთქი. მაგრამ რაღას ვიზამდით, გავითვალეთ სუპი-სოუზი-გადი-მოუსვი და ჩემი ბედი რა ვთქვი, მე მერგო წილად ეგ დავალება.
ამ პლანეტის შესახებ არაფერი ვიცოდით - გარდა იმისა რომ გაზაპრავკება შესაძლებელი იქნებოდა, ცხადია - ამიტომ საფუძვლიანად მოვემზადე ყველანაირი მოულოდნელობისათვის, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, სულ ტყუილად.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გავუდექი გზას. პლანეტასთან მიახლოებისთანავე შევამჩნიე, რაღაცა ვერ იყო რიგზე და რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო მეტად მაწვებოდა გულზე ავი წინათგრძნობა. საკმარისად ახლოს რომ მივედი იმისათვის რომ რამე გამერჩია, უკვე შევძელი დარწმუნებით მეთქვა - მთელი პლანეტის ზედაპირზე, ყოველ შემთხვევაში სადამდეც თვალი გამწვდებოდა, იაფფასიანი ლინოლეუმი იყო გადაკრული, გიფსოკარდონით ერთმანეთისაგან გამოყოფილ, ოთხკუთხედ კუნჭულებში ასობით, ათასობით, ათიათასობით და კიდევ მეტი ხალხი იჯდა მაგიდებთან, კომპიუტერებთან, სტეპლერებით, კალმებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და მოკლედ ყვენალაირი საოფისე ინვენტარით გარშემორტყმული და სამუშაოში ქონდა თავი ჩარგული.
პლანეტის მზეც კი ერთ უზარმაზარ ოფისის ნათურას გავდა და ფლუორესცენტულ, ცისფერ და ცივ ნათებას გამოსცემდა.
როდესაც დავეშვი, სასიამოვნოდ ჩაცმული ოფის-მენეჯერი გოგონა გამომეგება და სანამ გააზაპრავკებთ, იქნებთ პერერივზე დაგვეწვიოთ, ჩვენს ოფისში უფასო საჭმელი მოაქვთ და ინტერგალაქტიკურ გამზაპრავკებლებზეც გვაქვს გათვლილიო. ნამგზავრი და ნანერვიულები უკვე კარგად მოშიებული ვიყავი და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი, მითუმეტეს რომ ბაკის შევსებას ნახევარი საათი მაინც დასჭირდებოდა.
ჭამისას თავიდან სიჩუმე იყო, მაგრამ მერე ერთმა აღნიშნა:
- კოსმო-აჯაფსანდალს მარილი აკლია.
- არა რატომ, მე მომწონს - თქვა მეორემ.
- მაგრამ კოსმო-ქაბაბს არაუშავს.
- წინა პროვაიდერს უკეთესი საჭმელები ქონდა - განაცხადა მესამემ.
- ზოგადად კი, მაგრამ კოსმო-კარტოფილი ამათ უკეთესი აქვთ - თქვა პირველმა
- კოსმო-ტყემალი მომაწოდეთ თუ შეიძლება - მომმართმა ერთ-ერთმა.
ჩქარ-ჩქარა ვჭამდი და შიგადაშიგ ზრდილობიანად ვიღიმოდი.
პლანეტიდან გამოფრენისას საათს დავხედე - ჩემი გათვლებით იქ 45 წუთზე მეტი არ გავჩერებულვარ.
ჩვენს ხომალდი ისევ ისე ტივტივებდა უწონადობაში როგორც დავტოვე, მაგრამ როგორც კი ფეხი შიგ შევდგი და სკაფანდრი მოვიხადე, მაშინვე დამეტაკა ავისმომასწავებელი სიჩუმე. დიდხანს ვეძებდი ჩემს თანამგზავრებს ხომალდის უეცრად დაძველებულ კუთხეებში. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე ერთ-ერთი და ძლივს ვიცანი: დანაოჭებული ხელები, რომელიც რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდულ ძალას ასხივებდნენ, მისუსტებულ მუხლებზე დაეწყო, ჭაღარა თავი ჩაექინდრა და ბებრული ძილით ეძინა.


Thursday, September 17, 2015

იტიზივ ნათმიქე

იმ დღეს ექიმთან მივედი, ნაირ-ნაირი ჩივილები მქონდა და მეთქი შევივლი, ჩემი რა მიდის. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ექიმთან ვიზიტი ჩემს წინა გამოცდილებებსაც ესადაგებოდა და ზოგადად დამკვიდრებულ სტანდარტებშიც ჯდებოდა, ანუ თეთრი კედლები, თეთრი ხალათები, რამდენიმე წამლის ერთმანეთში შერეული სუნი რომელიც ნესტოებს ოდნავ გიწვავს და კიდევ სიკვდილის სუნიც, მსუბუქად რომ წამოგივლის ხოლმე თითქმის მორჩენილი ჭვალივით.
ერთადერთი უცნაურობა შემემთხვა საავადმყოფოში შესვლამდე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე მაგას. უკვე ცალი ფეხით შესული ვიყავი საავადმყოფოს უზარმაზარ ჭიშკარში რომ ვიღაცა ტიპმა გამაჩერა, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო და ერთი ღერი ხომ არ გინდაო მკითხა. მეც, თითქოს ასეთი რამე ყოველდღე ხდებოდეს, ისე მქონდა დაკავებული თავი ჩივილებით და უსიამოვნო ვიზიტის მოლოდინით რომ, არა-მეთქი, გაფანტულად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.
მაგრამ ამის მერე ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ექიმთან შევიდოდი. მოსაცდელში კაი ნახევარი საათით მეტი მალოდინეს, ვიდრე ველოდი და რა თქმა უნდა ვერანაირ ეჭვს ვერ ავიღებდი რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე.
როცა შევაღწიე, როცა იყო და რანაირადაც, ექიმიც კაი ტიპი მომეჩვენა, ერთი ეგ იყო ხალათი არ ეცვა თორემ ისე, ქუჩაშიც რომ გენახათ, სხვა პროფესიას ვერ მიუსადაგებდით. ცოტა ავადმყოფური სახე კი ქონდა, მაგრამ ეგ არაფერი-მეთქი ვიფიქრე, ექიმიც ხომ ადამიანია.
ეგ კი არა, მას შემდეგ რაც სკამი მოვძებნე და დავჯექი, თავისი გვარი რომ გამომიცხადა და ისიც მიაყოლა, კუჭი და ნაღველი ერთდროულად მაწუხებს, იქნებ რამე მიშველოო და მომაჩერდა, თითქოს ელოდა კუჭ-ნაწლავის ექოსკოპიაზე როდის გავუშვებდი, მაშინაც არ შევმცბარვარ მაინცდამაინც, ექიმებამდე უკვე შემცბარი მივდივარ და მაგის მერე ჩემი კიდევ უფრო შეცბუნება ცოტა ძნელია ხოლმე, ამიტომ იქით დავამშვიდე, არაუშავს კაცო, ეგ არაფერი ექიმო, ბოლოს და ბოლოს, ნახევარ საქართველოს ეგ პრობლემები აწუხებს და მეც ხომ მაგიტომ ვარ მოსული, ერთად ვიმკურნალოთ-მეთქი.
ვილაპარაკეთ ასე კაი ხანი, მე ჩემი ვთქვი, იმან თავისი მითხრა და აღარ მიმიქცევია ყურადღება, ხან ელენთაზე მოიკიდებდა ხელს და ხან კიდევ სად, მაგრამ ბოლოს საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ფურცლებზე დიაგნოზების და დანიშნულებების ჯღაბვნის დრო მოვიდა და ამან რომ მითხრა, მოწევა უნდა დაიწყოო, ე მაშინ გადამიქანდა გული.
როგორ-თუ, მოწევა უნდა დავიწყო-მეთქი, შევაპარე.
აი ეგრეო.
შანსი არ არის, მოწევას ვერ დავიწყებ-მეთქი, გავჯიუტდი ცოტა.
ისე კარგად დაიწყებ, მზე მაღლა იქნებაო, თავის აუწევლად მითხრა. ეგ კი არა, სმასაც უნდა მოუმატო, თორემ მასე არ გამოგადგებაო.
უკაცრავად, მე გავალ და ახლავე მოვალ მეთქი, სულ უკან-უკან სვლით გამოვედი და მერე, თავი რომ ჯანმრთელი ხალხით სავსე დერეფანში დავიგულე, ისე მოვკურცხლე, მაგ ჯანიანი ნაბიჭვრებიდან ვერცერთი ვერ დამეწეოდა.
გარეთ გამოვვარდი და ტაქსი გავაჩერე, ე ბიჭო, დიდ-დიღომში შვიდ ლარად გამიყვან-მეთქი, ვეკითხები და ექვსს ვერ გადაიხდიო? - დამეღრიჯა.