Saturday, October 31, 2015

დილის ხვლიკი


ზაფხულის ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, სახლში, ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე ხვლიკი. კედელზე იჯდა და ღია ფანჯრიდან შემოსული მზის ზოლზე თბებოდა. მე ახალი გაღვიძებული ვიყავი და მაისურს ვიცვამდი. დავინახე და ეგრე გავშეშდი, მაისურში ცალხელგაყრილი, თმააჩეჩილი და თვალებდასიებული. ჭრელი იყო, გაფარჩხული, პაწაწინა თათებით. კუდი ოდნავ მოღუნული ქონდა, სინათლის მიმართულებით. სრულიად მშვიდად იჯდა, ვერტიკალურად გაშეშებული, თავით ჭერისკენ და თვალებიც დახუჭული ქონდა. მომეჩვენა რომ ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც ჩემი და ჩემი ძმის საძინებლად გამოყოფილი ოთახის სრულუფლებიანი წევრი.
- ამ ხვლიკმა რაღაცა იცის – ნამძინარევი თავით გავიფიქრე მე, ისე რომ არ გავნძრეულვარ.
ბევრი ხვლიკი მინახავს - საგამოცდო ბიბლიოთეკის სიცხით გადახრუკულ კიბეებზე, ლაგოდეხის ბანაკის სამზარეულოს კედლებზე, ბორჯომის ტყეების ნაპირებზე გამობობღებულები, სოფელში, ძროხის ბილიკების ახლომახლო, ძველ, ქვის ყორეებზე, ქალაქში, დაბაში, სადაც გინდა მოკლედ და რანაირიც გინდა, მაგრამ ეგეთი აზრი არცერთ ხვლიკს არ აღუძრავს ჩემში. სინამდვილეში, ისინი ყოველთვის საშუალო გონებრივი შესაძლებლობების არსებებად წარმომიდგებოდნენ ხოლმე.
სანამ მეც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო, მაინც რა იყო მისი საიდუმლო, სულაც არ დამუფლებია ის გრძნობა, რაც მგონია რომ ხვლიკის სახლში ნახვისას უნდა დაგეუფლოს ადამიანს. ანუ ცოტა ზიზღი, ცოტა ირაციონალური შიში, ცოტაც სიბრალული და ცოტა გაღიზიანება, რომ სამსახურში გაგვიანდება და რა დროს ხვლიკის დევნაა ახლა, არადა დევნა რომ მოგიწევს იცი, იმიტომ რომ ერთი დარტყმით მომკვლელი არა ხარ და მერე თუ გაგექცა, ბარე შესვენებამდე შეიძლება სდიო და ვერ დაიჭირო.
მაგრამ არაფერი ამგვარი არ მირძვნია. ეგ იყო რომ მეც მომინდა კედელზე ავბობღებულიყავი და ცოტა ხანი მზეზე მომეკალათა, გაფარჩხული თითებით ხვლიკის გვერდზე. მის ჭრელ, ლამაზ კანში, დახუჭულ თვალებში და მოსვენებულ პოზაში მხოლოდ სიმშვიდე იყო და კიდევ რაღაც უხილავი, ხვლიკური სიბრძნე და უცებ მომეჩვენა რომ ამ ხლვიკში იყო ჭეშმარიტება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სულელური აზრები გავფანტე და ჩემი ძმის ჩუსტები დავუშინე, შემდეგ მაისური ვესროლე (ასევე ჩემი ძმის), შემდეგ მამაჩემს დავუძახე, რომელმაც იატაკის ჯოხი და აქანდაზი მოიტანა, რაც, როგორც ცნობილია აუცილებელი ატრიბუტებია ხვლიკებთან ბრძოლისას, მერე დედაჩემმა გაიღვიძა, ჩემმა ძმამ თავისი მაისური მოითხოვა საკმაოდ უხეშად, მეზობლებმა ტელევიზორი ჩართეს, გარეთ მანქანამ დაამუხრუჭა, ვერტმფრენმა გადაიფრინა, ოფისებში კონდიციონერები აზუზუნდნენ, ვიღაცა (მთელი ქალაქი) საცობში გაიჭედა, ჩემი კედლიდან ყვითელი ზოლი გაქრა, ხვლიკი კიდევ კომპიუტერის მაგიდის უკან შეძვრა და იმის მერე აღარ გვინახავს.


No comments:

Post a Comment