Thursday, September 17, 2015

იტიზივ ნათმიქე

იმ დღეს ექიმთან მივედი, ნაირ-ნაირი ჩივილები მქონდა და მეთქი შევივლი, ჩემი რა მიდის. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ექიმთან ვიზიტი ჩემს წინა გამოცდილებებსაც ესადაგებოდა და ზოგადად დამკვიდრებულ სტანდარტებშიც ჯდებოდა, ანუ თეთრი კედლები, თეთრი ხალათები, რამდენიმე წამლის ერთმანეთში შერეული სუნი რომელიც ნესტოებს ოდნავ გიწვავს და კიდევ სიკვდილის სუნიც, მსუბუქად რომ წამოგივლის ხოლმე თითქმის მორჩენილი ჭვალივით.
ერთადერთი უცნაურობა შემემთხვა საავადმყოფოში შესვლამდე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე მაგას. უკვე ცალი ფეხით შესული ვიყავი საავადმყოფოს უზარმაზარ ჭიშკარში რომ ვიღაცა ტიპმა გამაჩერა, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო და ერთი ღერი ხომ არ გინდაო მკითხა. მეც, თითქოს ასეთი რამე ყოველდღე ხდებოდეს, ისე მქონდა დაკავებული თავი ჩივილებით და უსიამოვნო ვიზიტის მოლოდინით რომ, არა-მეთქი, გაფანტულად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.
მაგრამ ამის მერე ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ექიმთან შევიდოდი. მოსაცდელში კაი ნახევარი საათით მეტი მალოდინეს, ვიდრე ველოდი და რა თქმა უნდა ვერანაირ ეჭვს ვერ ავიღებდი რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე.
როცა შევაღწიე, როცა იყო და რანაირადაც, ექიმიც კაი ტიპი მომეჩვენა, ერთი ეგ იყო ხალათი არ ეცვა თორემ ისე, ქუჩაშიც რომ გენახათ, სხვა პროფესიას ვერ მიუსადაგებდით. ცოტა ავადმყოფური სახე კი ქონდა, მაგრამ ეგ არაფერი-მეთქი ვიფიქრე, ექიმიც ხომ ადამიანია.
ეგ კი არა, მას შემდეგ რაც სკამი მოვძებნე და დავჯექი, თავისი გვარი რომ გამომიცხადა და ისიც მიაყოლა, კუჭი და ნაღველი ერთდროულად მაწუხებს, იქნებ რამე მიშველოო და მომაჩერდა, თითქოს ელოდა კუჭ-ნაწლავის ექოსკოპიაზე როდის გავუშვებდი, მაშინაც არ შევმცბარვარ მაინცდამაინც, ექიმებამდე უკვე შემცბარი მივდივარ და მაგის მერე ჩემი კიდევ უფრო შეცბუნება ცოტა ძნელია ხოლმე, ამიტომ იქით დავამშვიდე, არაუშავს კაცო, ეგ არაფერი ექიმო, ბოლოს და ბოლოს, ნახევარ საქართველოს ეგ პრობლემები აწუხებს და მეც ხომ მაგიტომ ვარ მოსული, ერთად ვიმკურნალოთ-მეთქი.
ვილაპარაკეთ ასე კაი ხანი, მე ჩემი ვთქვი, იმან თავისი მითხრა და აღარ მიმიქცევია ყურადღება, ხან ელენთაზე მოიკიდებდა ხელს და ხან კიდევ სად, მაგრამ ბოლოს საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ფურცლებზე დიაგნოზების და დანიშნულებების ჯღაბვნის დრო მოვიდა და ამან რომ მითხრა, მოწევა უნდა დაიწყოო, ე მაშინ გადამიქანდა გული.
როგორ-თუ, მოწევა უნდა დავიწყო-მეთქი, შევაპარე.
აი ეგრეო.
შანსი არ არის, მოწევას ვერ დავიწყებ-მეთქი, გავჯიუტდი ცოტა.
ისე კარგად დაიწყებ, მზე მაღლა იქნებაო, თავის აუწევლად მითხრა. ეგ კი არა, სმასაც უნდა მოუმატო, თორემ მასე არ გამოგადგებაო.
უკაცრავად, მე გავალ და ახლავე მოვალ მეთქი, სულ უკან-უკან სვლით გამოვედი და მერე, თავი რომ ჯანმრთელი ხალხით სავსე დერეფანში დავიგულე, ისე მოვკურცხლე, მაგ ჯანიანი ნაბიჭვრებიდან ვერცერთი ვერ დამეწეოდა.
გარეთ გამოვვარდი და ტაქსი გავაჩერე, ე ბიჭო, დიდ-დიღომში შვიდ ლარად გამიყვან-მეთქი, ვეკითხები და ექვსს ვერ გადაიხდიო? - დამეღრიჯა.


No comments:

Post a Comment