Wednesday, July 15, 2015

გრანდიოზული ვაშლის ამბავი


















მოდი დავჯდები და ამ უზარმაზარ, გრანდიოზულ, საარაკო ზომის ვაშლს შევჭამ – გაიფიქრა კაცმა – დაჯდომა აუცილებლად დამჭირდება რადგან ამხელა ვაშლის ჭამა, ფეხზე მდგარს ნამდვილად არ შემიძლია.
მერე ამოარჩია სკამი პარკში, ამოიღო ჩანთიდან ეს უზარმაზარი, გრანდიოზული, მართლაც საარაკო ზომის მწვანე ვაშლი და საქმეს შეუდგა.
ისე მოხდა რომ ადგილი, სადაც დაჯდა, საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა. განზრახ არ აურჩევია ასეთი ადგილი, უბრალოდ დაჯდომა ჭირდებოდა რადგან რაც მართალია, მართალია – ამხელა ვაშლის ჭამა და თან ფეხზე დგომა ჭეშმარიტად შეუძლებელია – და პირველივე ცარიელ სკამზე დაჯდა.
პირველ ნაკბეჩზე, თუ შეიძლება საერთოდ მაგას ნაკბეჩი ეწოდოს, ვაშლს ფაქტობრივად არაფერი შეტყობია და გამვლელები, რომლებიც აქა-იქ უკვე გაჩერდნენ და ინტერესით შეაჩერდნენ სანახაობას, თავისი თვალით რომ არ ენახათ და სხვაგან რომ წაწყდომოდნენ ვაშლს, მაგალითად ვაშლების გამყიდველის დახლზე, ვერც მიხვდებოდნენ რომ ის ვიღაცამ მოკბიჩა.
თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი იკრიბებოდა ირგვლივ და გამალებით აკვირდებოდნენ როგორ ებრძოდა ვაშლს კაცი, როგორ იმალებოდა მოკბეჩის დროს მისი სახე უზარმაზარი, გრანდიოზული, მართლაც საარაკო ზომის მწვანე ვაშლის ჯერ კიდევ მთელი ნახევრის უკან. გულის ფანცქალით უსმენდნენ ხრაშა-ხრუშს, თქლაფა-თქლუფს და საომარ ხვნეშას, ხედავდნენ როგორ ეყრებოდა დაუთოებული შარვლის კალთაში გრანდიოზული ვაშლის ნასხლეტები, როგორ მოწურწურებდა წვენი მაჯაზე და აკეცილი საროჩკის სახელოში ჩასდიოდა. მალე სკამის ირგვლივ ტევა აღარ იყო. ხალხი აღტაცებამ და ერთგვარმა რელიგიურმა აღტყინებამ მოიცვა. ისინი ერთმანეთს აწყდებოდნენ, ფეხებზე აბიჯებდნენ, გაოფლილ ზურგებზე აბობღდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ, თითქოს თითოეულ მათგანს მოჭრა კბილი უზარმაზარმა, გრანდიოზულმა, მართლაც რომ საარაკო ზომის მწვანე ვაშლმა.
ბოლოს კაცმა ჭამა დაამთავრა და თავის საქმეზე გაეშურა, რადგან ცოტა არ იყოს აგვიანდებოდა. ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა, ერთი-ორმა კი დაიყვირა «ბის-ბის»-ო, მაგრამ მაინცდამაინც არ ჩაციებიან, ბოლოს და ბოლოს, მაგაზე საინტერესო სანახაობებიც არსებობს.


No comments:

Post a Comment