Thursday, July 30, 2015

ქლიავის ამბავი


მაღაზიაში ვიყიდე ქლიავი. ვიფიქრე ავალ სახლში და ერთი კარგად გამოვქლიავდები მეთქი. თან იმდენი ვიყიდე რომ გამოქლიავებისთვის სავსებით საკმარისი ყოფილიყო. ავიტანე კაცო ბინაში და წყალი არ არის. როგორ გამოვქლიავდე ახლა მე? ჭუჭყიანი ქლიავით გამოქლიავება, შეიძლება მეტი მომივიდეს. ამიტომ დავჯექი და ველოდები. როგორც იქნა მოვიდა წყალი და გავიხარე! ჩავყარე ქლიავი სუფთა თასში, მოვუშვი სუფთა წყალი, დავათხლიშე ამ ქლიავს და კარგა ხანი ვიყურებოდი სუფთა ქლიავით და სუფთა წლით სავსე თასში. გადავუწურე მერე წყალი, ამოვარჩიე ყველაზე სანდომიანი ქლიავი და გავხლიჩე. გავხლიჩე და რას ვხედავ? გული მთლიანად შავი აქვს, კურკაც კი არ ჩანს იმდენად შავი, ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. რომ არ იცოდე რომ ქლიავის გულია, ალბათ ვერც მიხვდები. გადავაგდე დანანებით. ამოვიღე მეორე, გავხლიჩე და ისიც შავია. ამოვიღე მესამე და შავი ხოა, თან უზარმაზარი მატლი მიყურებს აშკარა აღშფოთებით. ამოვიღე მეოთხე, იმას როგორც იქნა არაფერი არ ჭირდა, გავსინჯე და ისეთი უგემური იყო, უგემური ქლიავის კონკურსზე მეორე ადგილას გავიდოდა. ჩავყარე დანარჩენი სუფთა ქლიავი ისევ პარკში და წავიღე მაღაზიაში.
- აი თქვენ თვითონ ნახეთ – ვუთხარი გამყიდველს, თან ერთ-ერთი ქლიავი ამოვარჩიე და მის თვალწინ გადავხსენი.
- მატლია – განაცხადა მან.
- ნამდვილად – დავეთანხმე მე. მაგრამ მალე მივხვდი რომ ამ უპირობო თანხმობას არანაირი დიპლომატიური ნაბიჯი არ მოყვებოდა გამყიდველის მხრიდან.
- გამოქლიავება მინდოდა და ვერ გამოვქლიავდი – ვუთხარი მე – ფული დამიბრუნეთ თუ შეიძლება.
- მე არ მითქვამს რომ მატლი არ ექნებოდა – მითხრა მან სრულიად გულგრილად.
- კარგი, მაგრამ არც ის გითქვამთ რომ ექნებოდა.
- ნამდვილად – დამეთანხმა ისიც.

მერე ცოტა ხანი ასე ვუყურებდით ერთმანეთს, მე გაფუჭებული ქლიავით ხელში და ის გამოქლიავებული სიფათით, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღი ქლიავი თვითონ შეჭამა!
- კარგი – თქვა მან ბოლოს – თუ ქლიავი არ მოგწონთ, ვაშლატამაც გვაქვს.
ავიტანე სახლში ვაშლატამა, რომელიც იმედი მქონდა რომ ცოტ-ცოტა ვაშლიც იქნებოდა და ატამიც, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც-ერთი არ ყოფილა. დავაწყვე ფანჯრის რაფაზე და ვეუბნები: კარგად გიცნობთ, არც ვაშლი ხართ და არც ატამი. ნეტა ვაშლი მაინც იყოთ, ან ატამი, მაგრამ არცერთი არ ხართ. ამიტომ მოგისვრით ახლა ამ ფანჯრიდან.
მაგრამ მერე გადავიფიქრე და წავიღე ისევ მაღაზიაში.
- აბსოლუტურად უგემური ვაშლატამაა – ვუთხარი გამყიდველს – თუ შეიძლება გამომიცვალეთ.

გამყიდველთან მცირე კამათის შემდეგ, შევიძინე ვაშლი და ატამი ცალ-ცალკე და წამოვიღე სახლში. მაგრამ აღმოჩნდა რომ...
და ა.შ. და ა.შ.


No comments:

Post a Comment