Wednesday, June 3, 2015

რა ჩაიდინა ჩემმა პუტკუნა, კახელმა ტაქსისტმა

არც ვიცი რა მოხდა. ჩემთვის ვიჯექი ტაქსიში და ფანჯრიდან ვუყურებდი ღამის ქუჩას, როდესაც შუქნიშანზე რაღაცა ისეთი მოხდა, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვამჩნევ ხოლმე ავტომანქანით მოძრაობისას და მხოლოდ მძღოლებისთვის და საკითხში ღრმად განსწავლული პირებისათვის არის ბოლომდე ცნობილი.
მანქანა რომელიც მანამდე უკან მოგვყვებოდა ცოტა გაგვცდა, შემდეგ დაამუხრუჭა, შემდეგ ისევ აუჩქარა რათა დაგვწეოდა და ბოლოს როგორც იქნა გაგვისწორდა. ჩაწეულ ფანჯარაში გაწითლებული სახე გამოჩნდა, რომელზეც ჩქარ-ჩქარა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საჭის კონტროლზე კონცენტრაცია და უკონტროლო ბრაზი.
- რა გააკეთე? - დაიყვირა ემოციებისგან და ღამის ლამპიონებისგან დინამიურმა და დალაქავებულმა სახემ.
- რა გავაკეთე? - გაუკვირდა ჩემს ტაქსისტს.
მანქანა ჩამოგვრჩა, თითქოს ასეთი პასუხისგან გაოგნებულმა მძღოლმა ფეხი მუხრუჭს გლიჯა.
მაგრამ მანქანამ ახალი ძალით დაიღმუვლა და ისევ გვერდში ამოგვიდგა.

- რა გააკეთე? - დაიყვირა ისევ, ახლა უკვე უმისამართოდ, რადგან ამხელა ბრაზის ერთ ადამიანზე კონცენტრირება არა მგონია შესაძლებელი იყოს.
- რა გავაკეთე? - ისევ გაუკვირდა ჩემს ტაქსისტს.
ამასობაში ჩვენს ირგვლივ მყოფი მანქანების ყურადღებაც მივიქციეთ. ერთ-ერთი მეორე მხრიდან ამოგვიდგა, ფანჯარა ჩამოსწია იმანაც და იქიდან ორი ცნობისმოყვარე თვალი გამოჩნდა.
- რა გააკეთე? - დაგვიძახა ახალმა მეზობელმა.
- რა გავაკეთე? - ხელები გაშალა ჩემმა ტაქსისტმა, რამდენადაც მისცა ამისი საშუალება თავისმა ფუნქციამ მანქანაში.
მერე გზაჯვარედინს მივაღწიეთ და სხვა მანქანები ჩამოგვშორდნენ.
- რა გააკეთე ამისთანა? - ვკითხე ჩემს ტაქსისტს.
- რა გავაკეთე ამისთანა? - შემომჩივლა იმანაც.
ასე დარჩა საუკუნო საიდუმლოდ, თუ რა ჩაიდინა ჩემმა პუტკუნა, კახელმა ტაქსისტმა.


No comments:

Post a Comment