Friday, March 13, 2015

მათხოვარი ბავშვები


თბილისში უამრავი მათხოვარია და მათგან ყველაზე საინტერესო ჩემთვის მათხოვარი ბავშვები არიან, არ ვიცი რატომ. მათთან დალაპარაკება ძალიან ადვილია თუ მოინდომებ და ხანდახან, რომც არ გინდოდეს მაინც დაგელაპარაკებიან თვითონ. ხოდა აქ არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოველაპარაკე რომელიმე მათგანს, ან ისინი დამელაპარაკნენ, ან არც ერთი მაგრამ რაღაცა ისეთის გამო დამრჩა მეხსიერებაში რაც მათხოვარი და არამათხოვარი მოქალაქის სტანდარტული ურთიერთობის ფარგლებს სცილდება.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთ ბარში შევედით და ლუდი შევუკვეთეთ. მერე შევამჩნიე პატარა ბიჭი რომელიც ბარის „სტოიკასთან“ მაღალ სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ლუდი რომ მოგვიტანეს და მაგიდისკენ წავიღეთ, გულისხმიერება გამოიჩინა, უხერხულად მოტრიალდა თავის მაღალ სკამზე, დაგვაკვირდა და იმაზე ხმამაღლა ვიდრე საჭირო იყო, გვითხრა - „ლუდი არ გინდა, არა, ცუდია“. თან რატომღაც დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტულ ფრაზას ყოველგვარი მატერიალური სარჩულის გარეშე გვეუბნებოდა, თუმცა მაშინვე ჩამოხტა სკამიდან, უკან გამოგვყვა და ფული მთხოვა. მე ხურდა მოვიქექე ჯიბეში და მივეცი, ამან კიდე დახედა ოდნავ დაელმებული თვალებით, (გვიან შევამჩნიე რომ ცოტა ელამი იყო), მერე ამომხედა და მკითხა - „ლარი არ არი“?

                *  *  *                      
ერთხელ იმავე ბარში, ერთ-ერთ მაგიდაზე გაშლილი იყო 1500 ელმენტიანი ფაზლი. მანამდე, რამდენიმე დღის წინ შევესწარი როგორ მოიტანეს და გაშალეს მაგიდაზე და ეტყობა იმის მერე აწყობდნენ. იმ დღეს უკვე ცოტა იყო დარჩენილი ბოლომდე აწყობამდე, ასე 100-150 ცალი ალბათ. ფაზლის მაგიდასთან ჩვენი მეგობარი იჯდა და ეჩალიჩებოდა. ჩვენც მაგ მაგიდას მივუსხედით და ხელები ავაფათურეთ რომელიღაცა ფირმა ქვეყნის ცის აუწყობელ ნაწილებში. ცოტა ხანში მათხოვარი გოგო შემოვიდა და ჯერ ცოტა მოშორებით დადგა, და მოშორებით გაჩერდა, გვიყურებდა. თავიდან მეგონა ფულის სათხოვნელად მოვიდა, მაგრამ ხმა არ მოუღია, იდგა და ფაზლს აკვირდებოდა. ერთერთმა ჩვენგანმა ხუმრობით უთხრა მოდი დაგვეხმარეო იმასაც მეტი ხვეწნა არ დასჭირვებია, მაშინვე მოუახლოვდა მაგიდას და და საქმეს შეუდგა. მინიმუმ ნახევარი საათი მაინც იდგა ფეხზე, ცალი ყურით ჩვენს ლაყბობას უსმენდა და თან ფაზლს აწყობდა. მერე მობეზრდა და ეგრე უხმოდ გავიდა ბარიდან.

*  *  * 
ერთი კოლორიტული ტიპია, მეტროში „მუშაობს“. ხუჭუჭა, ქერა თმა აქვს და ყოველთვის საქმიანად მოძრაობს თავის ამფსონებთან ერთად, ან მარტო, როდესაც პროფესიულ საქმიანობას არ ეწევა. დღემდე ვერ დავადგინე, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვხედავ, ენას მართლა უკიდებს თუ სპეციალურად ამახინჯებს სიტყვებს. შევატყვე, ვაგონის დაძვრისას დასაძახებელ ტექსტებს ყოველგვარი თეატრალური აზარტის გარეშე ამბობს, მოვალეობის მოხდის მიზნით. შესაბრალი შესავლის შემდეგ მხიარულად დაუყვება ვაგონს და ხურდას აგროვებს სასხვათაშორისოდ, თან ყველაფერს აკვირდება, ხანდახან ხელსაც კიდებს უბოდიშოდ, რაც მის ყურადღებას მიიპყრობს. ერთხელ ქინდლით ვიჯექი და მოვიდა, დახედა და მეკითხება - ნამდვილიაო? (თან ამ დროს ცალი ხელით ხურდა გამოართვა ჩემს გვერდით მჯდომს, ისე რომ იქეთ არ გაუხედავს). უცებ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა და კი-მეთქი. ეჭვით შემომხედა, მერე თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, საზეიმოდ განაცხადა, როგორც ადამიანმა რომლის გაცურებასაც შეეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ - არა, წიგნიაო! - და შემდეგი ინტერესის ობიექტისკენ გადაინაცვლა.
  ერთხელ დავინახე დიდუბის მეტროში, სადღაც დათრეული ფანრიანი სანთებელის რაობაზე ეკამათებოდა შემთხვევითად შერჩეულ გამვლელებს, მიუხედავად იმისა მათ ეს უნდოდათ თუ არა. ზოგი ჰყვებოდა საუბარში, ზოგი უხერხულად დუმდა, ზოგი უხეშად იშორებდა მაგრამ ეს მაინც უმტკიცებდა რაღაცას,  ფეხებზე ეკიდა, თან სანთებელას აჩვენებდა. მერე ვაგონში შევედით, ჩემთან რომ ჩამოიარა ცოტა ფული მივეცი და თვალი ჩავუკარი, ამანაც გამიცინა, სანთებელა მეტი თვალსაჩინოებისთვის ცხვირთან მომიტანა, დაატკაცუნა და გაიარა. მაგრამ მაინც ვერ მიცნობს ალბათ შემდეგ შეხვედრაზე, რაზეც ცოტა გული მწყდება.
    
*  *  *
კიდევ ერთი მათხოვარი ბიჭი მახსენდება, რომელსაც ხშირად ვხედავ ხოლმე. ამასაც ქერა თმა აქვს, ოღონდ პირველი ქერასგან ძალიან განსხვავდება. ჩაწითლებული თვალებით დადის, მხრებში მოხრილი, თითქმის მტრული და სატირლად გამზადებული გამომეტყველებით, ისე რომ არავის უყურებს. ერთხელ შემოვიდა ვაგონში და ხატები დაარიგა ჯიქურად, არავის არ ათქმევინა უარი. მეც, ჩემი პროტესტის მიუხედავად ერთი ცალი მომაჩეჩა. საფულეში დავიწყე ქექვა, მაგრამ ლარიანი ვერ აღმოვაჩინე (ასე დარიგებული ხატების ფასი როგორც წესი ერთი ლარია ხოლმე), მხოლოდ წვრილი ხურდა მქონდა, 50 თეთრამდე. ჩემთან რომ დაბრუნდა ეს ფული გავუწოდე, თან ვუთხარი ხატი არ მინდა მეთქი. არ ვიცი ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი თუ რა იყო, ხურდას დახედა, მერე მე ამომხედა საყვედურით, ხატი არ გამოურთმევია ისე გატრიალდა და სწრაფად გაძვრა ხალხში. მე უცებ აზრზე ვერ მოვედი, მერე ვცადე დავწეოდი და როგორღაც იმ ჭყლეტვაში მოვახერხე კიდეც, მხარზე ხელი დავადე რომ მოეხედა და ხატი მივაწოდე, არ მინდა-მეთქი. არ დამავიწყდება ის მზერა რაც მაშინ მესროლა, მტრული და თან საყვედურით სავსე. მერე ხატი უხეშად გამომგლიჯა ხელიდან და ვაგონიდან გავიდა. მე კიდე თავი დამნაშავედ ვიგრძენი და დიდი ხანი მიმყვებოდა, ჩაწითლებული, სატირლად გამზადებული თუ ნამტირალევი თვალების მზერა.
                


No comments:

Post a Comment