Saturday, November 30, 2013

ზრდილობიანი ტაქსისტი

ასე პირველი იწყებოდა რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტაქსი გავაჩერე - საშუალოდ დაფეხვილი, გაურეცხავი, ალბათ ერთ დროს თეთრი მერსედესი. ფასზე შევთანხმდით და ჩავჯექი. იგი ჩემსკენ გადმოიხარა, ფუნთულა ლოყებიანი, კეთილგანწყობილი სახე მომაპყრო და მოწიწებით მკითხა:

- თქვენის ნებართვით, შეიძლება რომ ზაპრავკა ავიღო?

და სანამ ტაქსისტისათვის ამ უჩვეულო ტაქტით გაკვირვებას მოვასწრებდი, მეც თუმცა რეფლექსურად, მაგრამ არანაკლებ გრაციოზულად თავი დავუკარი და მივუგე:

- რა თქმა უნდა.

თავი დააქნია აშკარად კმაყოფილმა. თუ სწორად მახსოვს კმაყოფილების გამომხატველი რაღაც ხმაც კი გამოსცა, თითქოს განსაკუთრებით ესიამოვნა ჩემი პასუხი, პირდაპირ გულზე მალამოდ დაედო .

- დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, რომ ასეთი ზრდილობიანი გაგზარდათ... - შემდეგ თითქოს შეცბა, რომ მთელი დამსახურება მხოლოდ ჩემს მშობლებს მიაწერა და სასწრაფოდ დასძინა - თუმცა ამაში თქვენი წვლილიც არის.

აქ კი მიმტყუნა დროებითმა გრაციოზულობამ და უხერხულად ამოვიბურტყუნე მადლობისმაგვარი რაღაც.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვისოლთან გავჩერდით გაზის შესავსებად და მანქანიდან გადმოვედით. ვისოლის ფორმებში კარგად ჩაფუთნულ ბიჭებსაც ასევე თავაზიანი ღიმილით აუხსნა თუ რა გვინდოდა, ამასობაში ვიღაც ნაცნობი ტაქსისტი აღმოჩნდა იქვე, იმასაც ცერემონიულად მიესალმა და შეთხელებული, გულმოდგინედ გადავარცხნილი თმა შეისწორა სწრაფი მოძრაობით. და თუმცა სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი ცოტა ხანი კიდევ მეყურებინა ამ უჩვეულო სანახაობისთვის, გაზის დატენვა ძალიან მალე მორჩა, ჩემი ტაქსისტი ცოტა წინ გადმოიხარა, მარჯვენა ხელი, ხელისგულით ზემოთ, თეატრალურად გაიშვირა ჩემი "სიდენიისკენ" და წამოიძახა:

- დაბრძანდით!

 რომ ჩავჯექით ამიხსნა, ცოტა ჩავასხიო, დიდხანს რომ არ გეცადათო. აქაც უხერხულად ვუპასუხე რაღაცა, არ იყო-მეთქი საჭირო. დარჩენილი გზა სიჩუმეში გავატარეთ, ალბათ ზედმეტი იქნება თუ ვიტყვი, რომ სიჩქარის შეზღუდვების დამწესებლების დედებზე ან 100 მეტრის რადიუსში მყოფი მანქანების მძღოლების დედებზე სიტყვაც არ დასცდენია. და საერთოდ არავის დედაზე არ დასცდენია სიტყვა. რომ მივედით მთელი რევერანსებით და "ბატონო-ჩემოებით" დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ორივენი რაღაცნაირად კმაყოფილები. ლიფტში ვფიქრობდი რამდენად უცნაური და ცოტა კომიკური იყო ეს ყველაფერი.

გადმოსვლისას მინდოდა მეთქვა, რომ პირველად შემხვდა ასეთი ზრდილობიანი მძღოლი, მაგრამ რატომღაც არ ვუთხარი. მომერიდა. თუ სადმე შეგხვდათ ეგ ტაქსისტი, აუცილებლად იცნობთ და მოიკითხეთ.

No comments:

Post a Comment