Thursday, September 17, 2015

იტიზივ ნათმიქე

იმ დღეს ექიმთან მივედი, ნაირ-ნაირი ჩივილები მქონდა და მეთქი შევივლი, ჩემი რა მიდის. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ექიმთან ვიზიტი ჩემს წინა გამოცდილებებსაც ესადაგებოდა და ზოგადად დამკვიდრებულ სტანდარტებშიც ჯდებოდა, ანუ თეთრი კედლები, თეთრი ხალათები, რამდენიმე წამლის ერთმანეთში შერეული სუნი რომელიც ნესტოებს ოდნავ გიწვავს და კიდევ სიკვდილის სუნიც, მსუბუქად რომ წამოგივლის ხოლმე თითქმის მორჩენილი ჭვალივით.
ერთადერთი უცნაურობა შემემთხვა საავადმყოფოში შესვლამდე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე მაგას. უკვე ცალი ფეხით შესული ვიყავი საავადმყოფოს უზარმაზარ ჭიშკარში რომ ვიღაცა ტიპმა გამაჩერა, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო და ერთი ღერი ხომ არ გინდაო მკითხა. მეც, თითქოს ასეთი რამე ყოველდღე ხდებოდეს, ისე მქონდა დაკავებული თავი ჩივილებით და უსიამოვნო ვიზიტის მოლოდინით რომ, არა-მეთქი, გაფანტულად ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.
მაგრამ ამის მერე ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ექიმთან შევიდოდი. მოსაცდელში კაი ნახევარი საათით მეტი მალოდინეს, ვიდრე ველოდი და რა თქმა უნდა ვერანაირ ეჭვს ვერ ავიღებდი რომ რაღაცა ვერ იყო რიგზე.
როცა შევაღწიე, როცა იყო და რანაირადაც, ექიმიც კაი ტიპი მომეჩვენა, ერთი ეგ იყო ხალათი არ ეცვა თორემ ისე, ქუჩაშიც რომ გენახათ, სხვა პროფესიას ვერ მიუსადაგებდით. ცოტა ავადმყოფური სახე კი ქონდა, მაგრამ ეგ არაფერი-მეთქი ვიფიქრე, ექიმიც ხომ ადამიანია.
ეგ კი არა, მას შემდეგ რაც სკამი მოვძებნე და დავჯექი, თავისი გვარი რომ გამომიცხადა და ისიც მიაყოლა, კუჭი და ნაღველი ერთდროულად მაწუხებს, იქნებ რამე მიშველოო და მომაჩერდა, თითქოს ელოდა კუჭ-ნაწლავის ექოსკოპიაზე როდის გავუშვებდი, მაშინაც არ შევმცბარვარ მაინცდამაინც, ექიმებამდე უკვე შემცბარი მივდივარ და მაგის მერე ჩემი კიდევ უფრო შეცბუნება ცოტა ძნელია ხოლმე, ამიტომ იქით დავამშვიდე, არაუშავს კაცო, ეგ არაფერი ექიმო, ბოლოს და ბოლოს, ნახევარ საქართველოს ეგ პრობლემები აწუხებს და მეც ხომ მაგიტომ ვარ მოსული, ერთად ვიმკურნალოთ-მეთქი.
ვილაპარაკეთ ასე კაი ხანი, მე ჩემი ვთქვი, იმან თავისი მითხრა და აღარ მიმიქცევია ყურადღება, ხან ელენთაზე მოიკიდებდა ხელს და ხან კიდევ სად, მაგრამ ბოლოს საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ფურცლებზე დიაგნოზების და დანიშნულებების ჯღაბვნის დრო მოვიდა და ამან რომ მითხრა, მოწევა უნდა დაიწყოო, ე მაშინ გადამიქანდა გული.
როგორ-თუ, მოწევა უნდა დავიწყო-მეთქი, შევაპარე.
აი ეგრეო.
შანსი არ არის, მოწევას ვერ დავიწყებ-მეთქი, გავჯიუტდი ცოტა.
ისე კარგად დაიწყებ, მზე მაღლა იქნებაო, თავის აუწევლად მითხრა. ეგ კი არა, სმასაც უნდა მოუმატო, თორემ მასე არ გამოგადგებაო.
უკაცრავად, მე გავალ და ახლავე მოვალ მეთქი, სულ უკან-უკან სვლით გამოვედი და მერე, თავი რომ ჯანმრთელი ხალხით სავსე დერეფანში დავიგულე, ისე მოვკურცხლე, მაგ ჯანიანი ნაბიჭვრებიდან ვერცერთი ვერ დამეწეოდა.
გარეთ გამოვვარდი და ტაქსი გავაჩერე, ე ბიჭო, დიდ-დიღომში შვიდ ლარად გამიყვან-მეთქი, ვეკითხები და ექვსს ვერ გადაიხდიო? - დამეღრიჯა.


Tuesday, September 15, 2015

ამრიკული ამბავი


გახურებულ ჰორიზონტზე როგორც იქნა მანქანა გამოჩნდა . ძველი ამერიკული კადილაკი ფახფახით გაჩერდა პირდაპირ მგზავრის ფეხებთან. კაცმა გაშვერილი ცერა თითი ჩამოსწია, თავისი ჭუჭყიანი და დაფლეთილი ჩანთა უკანა კარებში შეაგდო და თვითონ მძღოლის გვერდზე დაჯდა.

ჩუმად მიდიოდნენ.
მალე უკაცრიელ ტრასაზე დამტვერილი გადასახვევი გამოჩნდა
მანქანამ გადაუხვია და სულ მალე ნახევრად დანგრეულ, მიტოვებულ ფერმასთან გაჩერდა.

ცოტა ხანი ისხდნენ ასე, სახურავს მზე აჭერდა და გაღებული ფანჯრებიდან ჭრიჭინების ხმა შემოდიოდა.
ბოლოს მძღოლმა ათრთოლებული, ჩახლეჩილი ხმით თქვა.
- წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, თქვენ ჩემი მსხვერპლი ხართ.
მგზავრს თითქოს არც გაუგონია, რამდენიმე წამი ნერვიულად ეძებდა რაღაცას ჩანთაში, შემდეგ კი ათრთოლებული, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა:
- წინააღმდეგობას მართლა არ აქვს აზრი, თქვენ ხართ ჩემი მსხვერპლი.
მძღოლს თითქოს არც გაუგია, ჩახლეჩილი, ათრთოლებული ხმით განაგრძო.
- ამ ფერმაში ხშირად მომყავს შემთხვევითი მგზავრები, მათ კივილს აქ ვერავინ გაიგონებს. როდესაც სუნთქვას წყვეტენ ბენზოხერხით ვანაწევრებ და ფერმის უკან, ჭვავის ყანაში ვმარხავ. მათ გვამებს ვერავინ მიაგნებს და მეც ვერასოდეს დამიჭერენ.
- ამ გზაზე ხშირად ვუჯდები ხოლმე ქალაქისკენ მიმავალ მანქანებს და როდესაც ხელსაყრელი შემთხვევა მომეცემა ქლოროფორმით ვთიშავ, შემდეგ კაუჭზე ვკიდებ თავქვე და... მოკლედ როგორც არის. სუნთქვას რომ შეწყვეტენ მჟავაში ვდებ და მიღებულ სითხეს კასრებში ვანაწილებ, კასრებს კი მიწაში ვაბეტონებ. მეც ვერასოდეს დამიჭერენ.
- კარგით, ამდენი დრო არ მაქვს, მანქანიდან გადმოდით.
- თქვენ თვითონ გადმოდით, ნამდვილად არც მე ვარ მოცლილი.
- სწრაფად, ეს უკვე უაზრო საუბარია, უნდა გაგთიშოთ და დაგანაწევროთ.
- კმარა ბოლოს და ბოლოს ამდენი ლაყბობა, მჟავა უნდა დაგასხათ და ჩაგაბეტონოთ.
- ბოლოს და ბოლოს ვინ გგონივართ, არც ერთ მსხვერპლთან არ მქონია მსგავსი მიეთ-მოეთი, მე პროფესიონალი მანიაკი ვარ, დროს ნუ მაკარგვინებთ.
- არაფერი გეტყობათ. აი მე კი, ჩემდათავად ნამდვილად პროფესიონალი ვარ, გადმოდით მანქანიდამ.
- ნურას უკაცრავად - მოუთმენლობა დაეტყო მძღოლ მანიაკს.
- თქვენ თვითონ ნურას უკაცრავად - აღშფოთდა მგზავრი მანიაკი.
- არაფერი პირადული, მაგრამ როგორც კოლეგამ კოლეგას მინდა გითხრათ რომ ჩემის აზრით, სრულიად შეუფერებელი ხართ პროფესიული მანიაკალური კარიერისთვის.
- ჩემის მხრივ, სრული პასუხისმგებლობით და მანიაკალურ საქმიანობაში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მინდა განვაცხადო რომ ჩემის აზრით პროფესიას არცხვენთ.
- შეურაცხყოფას მაყენებთ? დილეტანტისგან შეურაცხყოფასაც მოვითმენ.
- თქვენ თვითონ მაყენებთ შეურაცხყოფას და დილეტანტს მიწოდებთ მაშინ როდესაც თქვენი მეთოდები სრულიად მოძველებული და მოდიდან გადასულია.
- რას კადრულობთ ახალგაზრდა? უფროსების პატივისცემა არ გასწავლეს?
- კეისრის კეისრისაო ხომ გაგიგიათ? უფროსი კაცი ხართ მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
- კარგი ერთი არ გამაგიჟო, ამ ძუძუმწოვარას შეხედეთ რა, ჭკუის სწავლებასაც ბედავს.
- ჭაღარას ვცემ პატივს თორემ გაჩვენებდი ვინ არის...
- გადაეთრიე ჩემი მანქანიდან შე თვითმარქვია...
- გადავალ გადავალ, მეშინია უფროსზე ხელი არ გავისვარო, ესეც მანქანაა რა, ამ დაფეხვილი ჯართით სიარულს, ისევ ფეხით ვილაყლაყო მირჩევნია!
- წადი შენი!
- თფუ!