Monday, February 29, 2016

არალი




ახალციხიდან აბასთუმნისკენ გასასვლელად ვემზადებოდით, სმარტში გავჩერდით და რამდენიმე ჩვენგანი, სასმელისა და სასუსნავის საყიდლად გაერია მაღაზიის თაროებს.
მე და ორი ჩემი მეგობარი მაგიდასთან დავრჩით, ყავის აპარატთან ახლოს, რომელიც ჩვენი ახალციხეში ჩამოსვლისთანავე გაფუჭდა და მერე დიდი ხანი ეჩალიჩებოდა ვიღაცა კაცი, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა.
საუბარში ვიყავი გართული, როდესაც უკნიდან შეუმჩნევლად მომიახლოვდა ვიღაცა, რომელიც სულ არ გავდა ყავის აპარატების სპეციალისტს, მარჯვნიდან ამომიდგა და თითქმის ყურში მითხრა - დუ იუ სპიკ ინგლიშ? რაშან?
ორივენიცა-მეთქი, ვუპასუხე ინგლისურად. ასე, ოცდაათ წლამდე მამაკაცი იქნებოდა, ჟღალი თმითა და ორიოდე დღის გაუპარსავი, გამოჯაგრული წვერით, ღია ფერის თვალებით და სალაშქრო ტანსაცმლით. თუმცა ამინდი კარგი იყო და შენობაშიც გვარიანად ცხელოდა, მაინც თვალში მომხვდა მისი სეზონისათვის შეუფერებლად თხელი ჩაცმულობა.
სუვენირების მაღაზია აინტერესებდა. ვუთხარი მეც პირველად ვარ ახალციხეში და არ ვიცი-მეთქი. გაჩუმდა. შევატყვე რომ ასე ადვილად არ აპირებდა დანებებას. სახეზე მორიდებული ღიმილი აღებეჭდა, იმედგაცრუების მქრქალი ჩრდილით. უცებ გამახსენდა, თამთა რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი ახალციხეში და ვანიშნე მიშველე მეთქი. კი ვიციო, მაგრამ რუსულად ახსნა მეზარებაო, თქვა თამთამ. მაგრამ მერე სიზარმაცე დაძლია და ინგლისურად დაუწყო ახსნა, რაბათის ციხესთან არის ახლოსო. როგორც იქნა გავაგებინეთ რა ადგილას უნდა მისულიყო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად უცხოელის იმედგაცრუება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - მაგ გზაზე წეღან ვიყავი და არანაირი სუვენირები არ შემხვედრიაო, შემდეგ ისევ გაჩუმდა და დაგველოდა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ. მე იმედი გადამეწურა რომ რამეს ვუშველიდით, მოვუბოდიშე და ვუთხარი მეტი სუვენირების მაღაზია არ ვიცით-მეთქი.
უცხოელი უხალისოდ დაიძრა. აშკარად არ უნდოდა ასე ხელმოცარულს წასვლა. მერე გამცდა და გადავწყვიტე რომ წავიდა, მაგრამ მაშინვე ამოტივტივდა ისევ, ამჯერად ჩემს მარცხნიდან.
- ნაყინი? - მკითხა ინგლისურად - გემრიელი ნაყინი. კარქი ნაყინი. ოღონდ აქ არა. ამ მაღაზიაში არა.
მე ისევ დავიძაბე. სად ვუშოვო ახლა ამას ნაყინი. არადა მეორე თხოვნაზე მაინც მინდოდა დავხმარებოდი. ბოლოს და ბოლოს, სტუმართმოყვარეობის ამბავია. თამთას გადავხედე უმწეოდ, მაგრამ მისმა გამომეტყველებამ მაშინვე გამიქრო ყველა იმედი, რომ თამთას ეცოდინებოდა სად იყიდება გემრიელი ნაყინი ახალციხეში, მით უმეტესსმარტისგარდა. არ ვიცით მეთქი, ისევ მობოდიშებით ვუთხარი, ამჯერად არც შემიხედავს სახეზე, არ მინდოდა მისი მომღიმარი და იმედიანი სახის დანახვა. მაგრამ მაინც გადმოვიტანე მისი იმედგაცრუება საკუთარ თავზე, წარმოვიდგინე როგორ მომინდებოდა მეც ნაყინი, მასავით ჟღალი და გაუპარსავი უცხოელი რომ ვყოფილიყავი, რომელიც ალბათ რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად შეესწრო კარგ ამინდს შორეულ ახალციხეში და სასოებით თუ სასოწარკვეთილი ეძებს საყვარელ ნაყინს. მაგრამ რას ვიზამდი, სიბრალულით გავაყოლე თვალი მის ზურგს.
ის ის იყო უნდა დამევიწყებინა უცხოელი რომ ისევ გვერდზე ამესვეტა. თვალები უკანასკნელი იმედის ძალით უელავდა, სხეული მოლოდინით ქონდა დაძაბული. წარბებს ქვემოდან შემომხედა, როგორც ბავშვმა, რომელიც მეხუთეჯერ ითხოვს ნამცხვარს, მაგრამ იცის რომ მხოლოდ ერთხელ ეკუთვნის, აკანკალებული თითი დარბაზის კუთხეს მიაშვირა.
- ყავა? ყავა! გემრიელი ყავა? გემრიელია? - მკითხა დამტვრეული ინგლისურით.
გავიხედე და ყავის აპარატზე მანიშნებდა.
რამდენიმე წამი დავაშტერდი ყავის აპარატს და მერე რატომღაც ძალიან გავბრაზდი.
- გატეხილია - ვუთხარი უხეშად - არ მუშაობს!
ამჯერად თვალიც არ გამიყოლებია მაგრამ მაინც მთელი დღე მიმყვებოდა იმაზე დარდი, იშოვა თუ არა ჟღალმა უცხოელმა სუვენირი, ნაყინი ან თუნდაც ერთი ფინჯანი ცხელი ყავა.


No comments:

Post a Comment