Thursday, April 16, 2015

გოლიათი

ერთხელ მე და კიდევ ერთი, რომლის ვინაობაც არ მახსოვს, ლუკამ დაგვარწმუნა ბანაკის უკან სახლი როა, გოლიათი ვნახეო და გავიპარეთ. ეს სახლი ბანაკების ცოტა მოშორებით იდგა ტყეში, ორი ფანჯრით და პატარა ვერანდით. ლუკას თავიდან არ ვუჯერებდით, მეოცე საუკუნის შვილებს, გოლიათების კი არა თოვლის ბაბუის არსებობაში შეგვქონდა ეჭვი. თან მაგ ამბაბდე ცოტა ხნით ადრე, ლუკას ტყუილი გამოვააშკარავეთ, გვიმტკიცებდა, ისეთი დისკები მაქვს «კომპიუტერში რომ ჩადებ», დედამიწა განადგურდებაო. რა თქმა უნდა სანამ ამ მტკიცების სიმცდარე სხვა, უფრო ცხადი მიზეზის გამო არ გამოაშკარავდა, მაინცდამაინც არ ჩავრღმავებივართ როგორ აღმოჩნდა ლუკას ხელში ასეთი დისკები აწყურის ბანაკში (ბიძაჩემმა მომცაო, ასე გვითხრა).

მაგრამ ბოლოს ლუკას დაჟინებამ თუ ჩვენმა ცნობისმოყვარეობამ სკეპტიციზმი დაამარცხა და შუადღეზე, სადილის შემდეგ, ღობეში გავძვერით და ცოტა ხანში სახლსაც მივადექით. თავიდან მხოლოდ გმირული და სათავგადასავლო კონტექსტი მიზიდავდა ამ ამბავში, თვალწინ ტომ სოიერი, კალე ბლუმკვისტი, ჰეკ ფინი და რა ვიცი კიდევ ვინ არ მედგა – მიუხედავად იმისა რომ გოლიათის არსებობის მაინც არ მჯეროდა, სახლის ირგვლივ ამოსულ მაღალ ბალახებში ჩამალული მივიპარებოდი სხვა თავგადასავლების მაძიებლებთან ერთად. ძალიან ფრთხილად და როგორც მაშინ გვეგონა, ოსტატურად ავძვერით პატარა ვერანდაზე და ფანჯრებთან ავიტუზეთ – ჯერ ვერავინ ვბედავდით შეხედვას. მერე მესამემ ივაჟკაცა და მისი გაფითრებული სახე ჩემთვის მაშინვე გოლიათის არსეობიბის დასტურად გადაიქცა. ახლა უკვე მართლა შეშინებულმა, მეც გავბედე შეხედვა ფანჯარაში. სადაც მე ვიდექი იქიდან ბევრი არაფერი ჩანდა უზარმაზარი, შავი ბოტების გარდა, რომელიც «ლეჟანკის» კიდეზე ეწყო - გოლიათის თითქმის მთელი სხეული დაფარული იყო შიდა კედლით. ბოტებთან ახლოს, კედელზე აყუდებული უშველებელა, პრიალა კომბალიც მოჩანდა.

შემდეგ რაღაც მოხდა. ლუკამ, აპოკალიფტური დისკების მფლობელმა, გამოუსწორებელმა ფანტაზიორმა და თავგადასავლების მაძიებელმა, გოლიათის ფანჯარაზე დააბრახუნა გოლიათისავე ძილის საათებში. კი არ დააკაკუნა ან მოათათუნა ან დააცაცუნა, არამედ მთელი ძალით დააბრახუნა. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, შეიძლება თავისი ფანტაზიის არარეალურობაში დარწმუნდა იმ წამს, ან უბრალოდ ჩათვალა რომ გოლიათებთან საურთიერთოდ, ასეთი უხეში ხერხებია აუცილებელი, მაგრამ ფაქტია, გოლიათი გააღვიძა. შიგნით ბოტები შეინძრა და სანამ შიშისაგან გახევებული მოვისაზრებდი რომ უნდა გავქცეულიყავი გოლიათის გაბურძგნული თავი წამოიწია ლეჟანკიდან (მაშინ რა თქმა უნდა იმდენი ანალიტიკური ძალა არ შემწევდა, გამეაზრებინა რომ ასეთ ლეჟანკაზე, მომცრო გოლიათიც კი ვერ შეძლებდა დაძინებას). მისი მრისხანე და ძილისაგან თუ ბუნებრივად გასიებული თავი დღესაც ცხადად შემიძლია წარმოვიდგინო. კომბალს რომ დაავლო ხელი, საბოლოოდ დავრწმუნდით მის გოლიათობაში (არადა ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცევა, კომბალი რომ ქონდეს და ტყეში ჩადგმულ სასიამოვნო ქოხში ძილი დაუფრთხონ). იქედან ბანაკამდე როგორ მივაღწიე არ ვიცი, მხოლოდ გვერდზე ბგერის სიჩქარით ჩაქროლებული ხეები მახსოვს (ტყუილს ვერ ვიტყვი, სინათლის სიჩქარით ახალგაზრდობის ჯან-ღონით სავსე დღეებშიც კი ვერ დავრბოდი).


რამდენიმე კვირის შემდეგ, თბილისში რომ დავბრუნდი, წარმოსახვა დაცხრა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. რაც უფრო ვრწმუნდებოდი რომ ტყეში ნანახი კაცი გოლიათი არ იყო, მით უფრო მეტად მიკვირდა, რატომ გამოგვეკიდა მოსაკლავად (მაშინ მჯეროდა რომ ერთმანეთს მოსაკლავად მარტო მითიური არსებები დასდევენ). მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც წარმოვიდგინე, ჯართის ჩამბარებელ კაცს როგორ გავუჭყლიტავდი თავს ჩემს სახლში მოჭრილი, მეშვიდე სართულიდან ნასროლი რადიატორით - მხოლოდ იმიტომ რომ გამაღვიძა. აი ასე ვისწავლე სხვისი და განსაკუთრებით კი გოლიათების ძილის საათების პატივისცემა.