Tuesday, April 2, 2013

უსათაურო პოსტი

   ეს შეიძლება ფილოლოგებისთვის და იმათთვის, ვინც ქართულს კარგად სწავლობდა თავისთავად ცხადი რამეა, მაგრამ მე წეღან აღმოვაჩინე შესაძლო კავშირი "წამსა" და "წამებას" შორის.
   ცხოვრებაში ბევრ მოქმედებას ვასრულებთ ისე, რომ არ ვუფიქრდებით მისი შესრულებისათვის საჭირო დეტალებს ან მოქმედების ცალკეულ ნაწილებს.
   კიდევ ვარსებობთ დროში, ოღონდ ხშირად თავად ამ დროის განცდის გარეშე.
   მაგალითად როდესაც მე ფეხით მივდივარ ერთი პუნქტიდან მეორეში, ვასრულებ მოქმედებას რომელსაც სიარულს ვეძახით, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას არ ვფიქრობ – "მარჯვენა ფეხი გადავდგი და ახლა მარცხენას გადავდგამ". პროცესი მექანიკურია და თავი შეიძლება სულ სხვა რამით მქონდეს დაკავებული. მაგრამ ახლა დავუშვათ რომ ფეხსაცმელში ჭიკარტი მაქვს – ნაბიჯიდან ნაბიჯამდე რომც გამექცეს გონება, ფეხის დადგმისთანავე ჭიკარტი მერჭობა და მტკივა, ტკივილი კი მაიძულებს ერთდროულად გავაცნობიერო, რომ მეტკინა, რომ ფეხი დავდგი, ფეხი მაქვს, ფეხსაცმელიც მაქვს და ფეხსაცმელში კიდე ჭიკარტი, რომ მივდივარ და გზაში კარგი დღე არ დამადგება (თუ დავუშვებთ რომ ფეხსაცმლიდან ჭიკარტის ამოღება რაიმე სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს).
   ამგვარად, როდესაც ვამბობთ რომ ვიღაცა ე–წამება, მივანიშნებთ "ჭიკარტზე", რომელიც მას აწამებს, ანუ ყოველწამიერად აიძულებს ცნობიერი გახდეს თავად ამ წამის, რაღაც ფიზიკური/მენტალური პროცესის და საბოლოოდ, საკუთარი თავის.